Back დაიწყო კამპანია #მართლმსაჯულებაყველას - სასამართლოს ხელმისაწვდომობისათვის ხილული და უხილავი ბარიერების გარეშე

დაიწყო კამპანია #მართლმსაჯულებაყველას - სასამართლოს ხელმისაწვდომობისათვის ხილული და უხილავი ბარიერების გარეშე

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა მოქალაქეებისათვის ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვის ფუნდამენტური წინაპირობაა. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ნიშნავს არსებულ უთანასწორობასთან ბრძოლას და ხარისხიანი მომსახურების შეთავაზებას ყველასათვის, სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, რასის, იდენტობის, ასაკის, სოციალური მდგომარეობისა თუ ფიზიკური შესაძლებლობების მიუხედავად.

საქართველოში სხვადასხვა ჯგუფის ადამიანები კვლავ წუხან იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც აღმოჩენილან, როცა მართლმსაჯულებასთან ჰქონიათ საქმე - იქნება ეს შენობების მისაწვდომობა, თუ ნაკლებად მგრძნობიარე გარემო.

არსებული სირთულეების წამოსაწევად და დასაძლევად, ევროკავშირი და ევროპის საბჭო დღეს იწყებენ ონლაინ კამპანიას #მართლმსაჯულებაყველას, ძირითადი გზავნილით: ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება უნდა იყოს თავისუფალი ხილული და უხილავი ბარიერებისაგან: შეზღუდულ შესაძლებლობებზე მორგებული გარემო, მისაწვდომი შენობები, თარგმანი და მოსახერხებელი მდებარეობა  - ყოველთვის და ყველასთვის.

კამპანიის მიზანია, ცნობიერების ამაღლება არსებულ პრობლემებზე, რაც სხვადასხვა ჯგუფს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისას ექმნება. კამპანია წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, უმცირესობათა წარმომადგენლების, ქალებისა და ბავშვების პირად ისტორიებს, რომლებსაც ბარიერების გადალახვა მოუხდათ. ის შესთავაზებს პლატფორმას ადამიანებს, ვისი ხმაც იშვიათად ისმის და ხშირად მივიწყებულია. კამპანია ეცდება, ეს საკითხი გადაწყვეტილების მიმღებ პირთა დღის წესრიგში მოაქციოს და ბიძგი მისცეს აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას მეტად ხელმისაწვდომი მართლმსაჯულებისათვის.  

ისტორიები პერიოდულად გამოქვეყნდება ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ოფიციალურ ონლაინ პლატფორმებზე ქართულად და ინგლისურად: Webpage, Facebook Page, Twitter.

მოგიწოდებთ, გააზიაროთ და გაავრცელოთ ეს ისტორიები.

ერთად ვაქციოთ #მართლმსაჯულებაყველას იდეა რეალობად!

კამპანია არის ნაწილი პროექტისა „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში", რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ, „პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის“ (PGGII) ფარგლებში.

27 აპრილი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page