Back სამართლებრივი დასკვნა საქართველოს კანონზე „მაუწყებლობის შესახებ“ რეკომენდაციას უწევს მის გადახედვას, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით

სამართლებრივი დასკვნა საქართველოს კანონზე „მაუწყებლობის შესახებ“ რეკომენდაციას უწევს მის გადახედვას, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით

2023 წლის 22 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს  საქართველოს  კანონზე „მაუწყებლობის შესახებ“ (2022 წლის 22 დეკემბერს შეტანილილი ცვლილებების გათვალისწინებით) სამართლებრივი დასკვნა წარედგინა. დასკვნის შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან   გაზიარების შემდგომ,  დოკუმენტი ქართულ და ინგლისურ ენებზე ქვეყნდება.[1]

პირველადი სამართლებრივი დასკვნა 2022 წლის 20 ნოემბრის მოთხოვნის საფუძველზე, გადაეცა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს. იგი განიხილავდა სამ მნიშვნელოვან საკითხს, კერძოდ, რეკლამებსა და გადაცემებში სიძულვილის ენის აკრძალვას, ტერორიზმის წახალისებას და პასუხისა და გასაჩივრების უფლებებს. პირველად სამართლებრივ დასკვნაში ასევე ხაზგასმული იყო კანონპროექტის სხვა დებულებების შეუსაბამობა ევროპულ სტანდარტებთან, მათ შორის, ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედია სერვისების დირექტივასთან (AVMSD). აღსანიშნავია, რომ პარლამენტი, რომელმაც მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები საბოლოო დასკვნის წარდგენამდე და პირველად დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების გაუთვალისწინებლად მიიღო, კანონის გადახედვასთან დაკავშირებით მზაობას მაინც გამოხატავს.

სამართლებრივი დასკვნა ეყრდნობა სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნულ საკანონმდებლო აქტებს და 2022 წლის ნოემბერში, დაინტერესებულ მხარეებთან, კერძოდ, პარლამენტის, კომუნიკაციების კომისიის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში მიღებულ უკუკავშირს.

სამართლებრივი დასკვნის თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ კანონის რამდენიმე სფერო არ შეესაბამება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს სტანდარტებს. საერთო ჯამში, აღნიშნულია, რომ არსებული კანონი არ შეესაბამება AVMSD-ს. გარდა ამისა, არსებობს მთელი რიგი დებულებები, რომლებიც, სავარაუდოდ, არღვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლს (გამოხატვის თავისუფლება).   მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის დებულებებში ცვლილებების განხორციელება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ის ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებოდეს.“ 

მაუწყებლობის შესახებ კანონის ევროპულ სტანდარტებთან, მათ შორის AVMSD-თან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, სამართლებრივ დასკვნაში მოცემულია 64  რეკომენდაცია. ეს რეკომენდაციები, სხვა საკითხებთან ერთად, შემდგომ თემებს ეხება:

  • მედიის მარეგულირებელ ორგანოსთან დაკავშირებული დებულებები, მათ შორის, მისი დამოუკიდებლობის გარანტიები;
  • ვიდეო გაზიარების პლატფორმებთან დაკავშირებული დებულებები, მათ შორის საჩივრების განხილვის სისტემა, სანქციები, ანგარიშვალდებულება და ა.შ.;
  • გასაჩივრების უფლება და მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებების ეფექტი;
  • ლიცენზირება და ავტორიზაცია, მათ შორის, მომსახურების შეჩერებასა და აღდგენასთან დაკავშირებული დებულებები;
  • პასუხის უფლება - შესწორებასა და უარყოფასთან დაკავშირებული ასპექტები;
  • „სიძულვილის ენა“ და ტერორიზმის წახალისებასთან დაკავშირებული დებულებები;
  • სანქციები არასრულწლოვანთა დაცვის წესების დარღვევისათვის.

სამართლებრივი დასკვნა მოამზადა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის საინფორმაციო საზოგადოების დეპარტამენტმა, „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმათველობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის მიერ.

 


[1] სამართლებრივი დასკვნის ორენოვან ვერსიებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ვერსიას.

 

სამართლებრივი დასკვნა საქართველოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page