2024 წლის 16 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ნატალია ვუტოვა, და საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი, პანკისის ხეობას ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი იყო ადგილობრივ დონეზე არასამთავრობო ორგანიზაციების, განათლების, ქალთა უფლებებისა და სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერის საკითხების განხილვა.
ვიზიტის პირველი შეხვედრა დუისში, როდი სკოტის ფონდის სასწავლო ცენტრში გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ადგილობრივი ახალგაზრდობის განათლებაში სასწავლო ცენტრის როლზე და რეგიონის განვითარებაში სათემო ორგანიზაციების წვლილზე ისაუბრეს. დელეგაციის წევრებმა ასევე შეხვედრა გამართეს კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის (KRDF) და ახალგაზრდული ორგანიზაცია "Illuminator"-ის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ამჟამინდელი საქმიანობა და მათი პოზიტიური გავლენა ადგილობრივ თემზე.
ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი პანკისის ქალთა საბჭოსთან შეხვედრა გახლდათ, რომელიც ქალთა უფლებების და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი როლის განხილვას დაეთმო.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ადგილობრივ ახალგაზრდებთან დუისის განათლების ცენტრში UNICEF-ის ორგანიზებით გამართული შეხვედრა. საფრანგეთი ელჩი და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ახალგაზრდებს საქართველოს მომავალში მათი როლის შესახებ ესაუბრნენ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართულ-ფრანგულ თანამშრომლობაზე ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში.
სტუმრებმა პანკისის მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობაც დაათვალიერეს, მათ შორის ადგილობრივი მეჩეთიც მოინახულეს.
ვიზიტი ევროპის საბჭოს ხანგძლივი ინციატივის ნაწილია, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს ადამიანის უფლებების დაცვას, ინკლუზიურ განვითარებას და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას.