ეს ჩვენი ისტორიაა

Back ლესია უკრაინკა

ლესია უკრაინკა

ლიტერატურული ფსევდონიმით ცნობილი ლესია უკრაინკა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხელოვანია უკრაინულ ლიტერატურაში, რომლის შემოქმედებასა და ფიზიკურ არსებობას თანაბრად ასაზრდობდა ორი ქვეყანა - უკრაინა და საქართველო.

ჯერ კიდევ მცირე ასაკში, ლესია უკრაინკამ უმცროსი დისთვის დაწერა სახელმძღვანელო “აღმოსავლეთის ძველი ხალხების ისტორია”, რომელშიც ვრცლად მიმოიხილავდა და აშუქებდა კავკასიისა და საქართველოს წარსულს. მისი შემდგომი ცხოვრებაც მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს, სადაც ის 10 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. ბათუმში, თბილისში, თელავში, ხონში, ქუთაისში ცხოვრებისას, მან შექმნა საუკეთესო დრამატული ნაწარმოებები. 1907 წელს, მან სწორედ საქართველოში დაწერა დრამა ”შემოდგომის ზღაპარი”.

ლესიას ახლო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოში ისეთ ადამიანებთან, როგორებიც არიან: ზაქარია ფალიაშვილი, ვასო წერეთელი, მიხა ჩხენკელი და სხვა.

“რა საინტერესო, რა საუცხოო მხარეა საქართველო, რა სიმამაცე და გმირობა უნდა ჰქონოდა ერთ მუჭა ხალხს, რომ გადარჩენოდა ამდენ საშინელ ქარტეხილსა და უბედურებას" - ამბობდა ის. ლესიას უყვარდა აქ ცხოვრება და განსაკუთრებით ქართულ-უკრაინულ ორმხრივ, მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს აფასებდა.

თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები ლესიამ ქმართან ერთად გაატარა თელავში, ხონში, ქუთაისსა და სურამში. უკრაინელი პოეტი სწორედ სურამში გარდაიცვალა.

დაბა სურამში ლესიაობა - პოეტის დაბადების დღისადმი მიძღვნილი დღესასწაული 1952 წლიდან აღინიშნება.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page