პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
12.05.14
საქართველომ უნდა გააუმჯობესოს მართლმსაჯულების აღსრულება და ტოლერანტობის ხელშეწყობა

სტრასბურგი, 12 მაისი 2014, „საჭიროა დამატებითი ძალისხმევა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის გაძლიერებისა და ტოლერანტობის და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობის მიზნით“ დღეს განაცხადა ევროპის საბჭოს  ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა ნილს მუიჟნეკსმა 2014 წლის 20-25 იანვარს საქართველოში მისი ვიზიტის შემდგომი ანგარიშის გამოქვეყნებისას.

წინასწარი პატიმრობის შეფარდების რაოდენობის კლება და სასამართლოების მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენების რიცხვის ზრდა, როგორც ჩანს, მიუთითებს მანამდე არსებული, ბრალდების მხარის შუამდგომლობებისა და დასაბუთებების სასამართლო განაჩენში თითქმის ავტომატურად ასახვის პრაქტიკისგან გადახვევას. მუდმივი სიფხიზლეა საჭირო სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისა და განმტკიცების უზრუნველსაყოფად, და ასევე, მოსამართლეების დასაცავად დაუშვებელი ჩარევისგან. მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება დებულების გადასინჯვა მოსამართლეების სამწლიან გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით.

სისხლის სამართლის გამოძიებებისა და სასამართლო საქმისწარმოების ხარვეზების შესახებ საჩივრებთან დაკავშირებით კომისარი ხაზს უსვამს, რომ სასამართლო სისტემა უნდა იყოს იმდენად სტაბილური, რომ არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილებას გაუძლოს. „შეშფოთების საფუძველს იძლევა გამუდმებული ჩივილი სასამართლო პროცედურებთან დაკავშირებით არსებულ ნაკლოვანებებზე ისეთ შემთხვევებში, როდესაც საქმე პოლიტიკურ ოპონენტებს ეხება. საქართველოს მთავრობამ ყველას სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვით, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფციის გათვალისწინებით უნდა მოაგვაროს ეს საკითხები.“  კომისარი აგრეთვე მოუწოდებს ხელისუფლებას განახორციელოს „დაგვიანებული რეფორმები მხარეთა თანასწორობის გაუმჯობესების კუთხით, დაცვის როლის გაძლიერებისა და პროკურორების, როგორც სასამართლო სისტემის მნიშვნელოვანი მონაწილეების სიღრმისეული პროფესიული განვითარების გზით.“

2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დიდი რაოდენობით შემოსულ  საჩივრებთან დაკავშირებით კომისარი მოუწოდებს ხელისუფლებას შეაფასოს და პრიორიტეტი მიანიჭოს ისეთ საქმეებს, რომლებიც ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს, განსაკუთრებით კი ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებულ წამების აკრძალვას შეეხება. ამასთანავე, იგი მიესალმება 2012 წლის ციხის სკანდალის შემდეგ პატიმართა მოპყრობის გაუმჯობესებას. 

კომისარი მიესალმება ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებას და მისი რეკომენდაციაა მოხდეს დამატებითი მექანიზმების შემუშავება სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის და ქართულ საზოგადოებაში ტოლერანტობის  განმტკიცების მიზნით. 2013 წლის 17 მაისს თბილისში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მოწყობილი მიტინგის მონაწილეებზე განხორცილებული ძალადობა ცხადად ადასტურებს გადამჭრელი ძალისხმევის საჭიროებას ამ კუთხით. „მთლიანად ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა პარტიებმა და სხვადასხვა თემის ლიდერებმა ერთსულოვანი პოზიცია უნდა გამოხატონ ადამიანის უფლებისა და ტოლერანტობის მხარდასაჭერად. ნათელი უნდა გახდეს, რომ ლგბტ პირების წინააღმდეგ ძალადობის და დისკრიმინაციის შემწყნარებლობა არ დაიშვება.

კომისარი ხაზს უსვამს უმცირესობათა ეფექტური მონაწილეობის მხარდაჭერის მნიშვნელობას, მათ შორის არჩევით ორგანოებსა და საჯარო სამსახურში, ეროვნული უმცირესობების ინფორმირებას საზოგადოებრივი მაუწყებლობის უმცირესობათა ენებზე წარმართვის საშუალებით და სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის ინტეგრაციისა და ურთიერთგაგების ხელშეწყობის გზით. „მუსლიმთა და სხვა თემების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება და მტრული განწყობის ღია გამოვლინების შემთხვევები ნამდვილად შემაშფოთებელია. ხელისუფლებამ უნდა წარმოაჩინოს უფრო მტკიცე პოლიტიკური ნება, რათა უზრუნველყოს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უკეთესი ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში. ეს მოიცავს მესხი მოსახლეობის რეპატრიაციისა და ინტეგრაციის კუთხით არსებული იურიდიული და პრაქტიკული პრობლემების გადაჭრას.“

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.