პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
15.10.13
ევროპის საბჭო გამოსცემს მიმოხილვით ანგარიშს საქართველოში არასათანადო მოპყრობის გამოძიების შესახებ

17 ოქტომბერს ევროპის საბჭო გამოსცემს ანგარიშს საქართველოში არასათანადო მოპყრობის გამოძიების შესახებ. ანგარიში მოამზადა ევროპის საბჭოს კონსულტანტმა ბ-ნმა ჯიმ მერდოკმა, საქართველოში 2013 წლის თებერვლის მიმოხილვითი ვიზიტის შედეგად.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია პენიტენციურ დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების მექანიზმებზე 2013 წლის თებერვლამდე. მასში ასევე საუბარია წინასწარი დაკავების ადგილებზე, რაც დეტალურად მიმოიხილა ამავე ავტორმა 2009 წელს გამოცემულ ანგარიშში. ანგარიში ეფუძნება ინტერვიუებს მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე ვიზიტებს სასჯელაღსრულების ორ დაწესებულებასა და თბილისში წინასწარი დაკავების ორ იზოლატორში.

ანგარიში იკვლევს არასათანადო მოპყრობის გამოძიების სისტემაში არსებულ ხარვეზთა მიზეზებს და გვთავაზობს რეკომენდაციებს მათ გამოსასწორებლად, ევროპული სტანდარტების შესაბამისად. არასათანადო მოპყრობის საჩივრების გამოძიებისთვის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა - კვლავ რჩება ერთ-ერთ უმთავრეს რეკომენდაციად. აღნიშნულ რეკომენდაციათა შესრულება შესაძლოა სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყოს. საქართველოს შემთხვევაში საპოლიციო დაკავების იზოლატორებთან მიმართებაში მიღწეული ცხადი პროგრესი გვაჩვენებს, რომ აშკარად შესაძლებელია ამ გამოწვევათა დაძლევა და ევროპული სტანდარტების დანერგვა, როცა არსებობს ამის კეთილი ნება.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში - „არასათანადო მოპყრობასა და დაუსჯელობასთან ბრძოლის ხელშეწყობა“. ეს რეგიონული პროექტი ერთდროულად ხორციელდება სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.