ადამიანის უფლებათა კომისარი

საქმიანობის მიმოხილვა

ადამიანის უფლებათა კომისრის ბიურო ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც უფლებამოსილია, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა შესახებ ცოდნის გავრცელებასა და მათ დაცვას ევროპის საბჭოს წევრ 47 სახელმწიფოში.


ამ ინსტიტუტის დაარსების ინიციატივა ეკუთვნით ევროპის საბჭოს სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებს, რომლებიც 1997 წლის 10-11 ოქტომბერს მეორე სამიტის ფარგლებში სტრასბურგში შეიკრიბნენ. 1999 წლის 7 მაისს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელმაც დააარსა კომისრის ბიურო და განსაზღვრა მისი უფლებამოსილება. პირველი კომისარი ალვარო ხილ-რობლესი ამ თანამდებობაზე გახლდათ 1999 წლის 15 ოქტომბრიდან 2006 წლის 31 მარტამდე, ამჟამინდელმა კომისარმა, ბ-მა თომას ჰამარბერგმა კი ის შეცვალა 2006 წლის 1 აპრილს.


ადამიანის უფლებათა კომისრის უფლებამოსილება

ადამიანის უფლებათა კომისრის ძირითადი მიზნები ჩამოყალიბებულია ევროპის საბჭოს რეზოლუციაში (99) 50 ადამიანის უფლებათა კომისრის შესახებ. მის თანახმად, კომისრის უფლებამოსილების სფერო მოიცავს:

  • ადამიანის უფლებათა ეფექტიანი დაცვის ხელშეწყობა და წევრ სახელმწიფოთა დახმარება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სტანდარტების განხორციელებაში;
  • ადამიანის უფლებათა სფეროში განათლებისა და მის შესახებ ცოდნის ხელშეწყობა ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში;
  • კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ შესაძლო ნაკლოვანებათა გამოვლენა;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტებისა და სხვა მსგავსი სტრუქტურების საქმიანობის გაადვილება; და
  • კონსულტაციისა და ინფორმაციის უზრუნველყოფა ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ რეგიონში.

ამდენად, კომისრის საქმიანობა ყურადღებას მიმართავს რეფორმების წახალისებისკენ, რათა მიღწეულ იქნეს საგრძნობი წინსვლა ადამიანის უფლებათა ხელშეწყობისა და დაცვის სფეროში. ვინაიდან ის გახლავთ არასასამართლო ორგანო, კომისრის სამსახურს არ შეუძლია ინდივიდუალური საჩივრების საფუძველზე მოქმედება, თუმცა კომისარს შეუძლია, შეიმუშაოს დასკვნები და წამოიწყოს ფართო ინიციატივები სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც შეეხება ადამიანის უფლებათა დარღვევას ინდივიდებთან მიმართებაში.

კომისარი თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო და ეროვნულ ინსტიტუტთან, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის მეთვალყურე სხვა მექანიზმებთან. მისი სამსახურის ყველაზე მნიშვნელოვან სამთავრობათშორისო პარტნიორებს შორის არიან გაერო და მისი სპეციალიზებული სააგენტოები, ევროკავშირი და ეუთო. ის მჭიდროდ თანამშრომლობს ასევე ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან.


ადამიანის უფლებათა კომისრის საქმიანობა

დიალოგი მთავრობებთან და სახელმწიფოებში განხორციელებული ვიზიტები

კომისარი ცდილობს, ჩაერთოს უწყვეტ დიალოგში ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებთან და მართავს ოფიციალურ ვიზიტებს სახელმწიფოებში, მათში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შეფასების მიზნით. ჩვეულებრივ, ამგვარი მისიები მოიცავს შეხვედრებს მთავრობის, პარლამენტის, მართლმსაჯულების სისტემის მაღალ ოფიციალურ პირებთან, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი წამყვანი ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. კომისრის მოხსენებები მოიცავს როგორც ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ანალიზს, ისე დეტალურ რეკომენდაციებს გაუმჯობესების შესაძლო გზების შესახებ. მოხსენებები ქვეყნდება და ფართოდ ვრცელდება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ უწყებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში, ისევე როგორც მედიისათვის.

სახელმწიფოში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტიდან რამდენიმე წლის შემდეგ, კომისარი ან მისი ბიურო მართავს შემაფასებელ ვიზიტს ქვეყანაში, იმისათვის რათა შეაჯამოს რეკომენდაციების განხორციელებისას მიღწეული წინსვლა. კომისარი აღნიშნულის შემდგომაც აქვეყნებს მოხსენებას, რომელიც ასევე ფართოდ ვრცელდება. გარდა ამისა, საგულისხმოა აგრეთვე კომისრის საკონტაქტო ვიზიტები სახელმწიფოებსა თუ რეგიონებში, რაც მიზნად ისახავს ურთიერთობების განმტკიცებას მთავრობებთან და ერთი ან რამდენიმე პრობლემური სფეროს შესწავლას, თუმცა ზოგადი მოხსენებების გამოქვეყნების გარეშე.

თემატური რეკომენდაციები და ცოდნის გაღრმავება

ადამიანის უფლებათა კომისრის უფლებამოსილება აგრეთვე გულისხმობს კონსულტაციისა და ინფორმაციის გაცემას ადამიანის უფლებათა დაცვისა და მათი დარღვევის თავიდან აცილების შესახებ. როდესაც კომისარი მიიჩნევს საჭიროდ, მისი სამსახური გამოსცემს რეკომენდაციებს ადამიანის უფლებათა კონკრეტული საკითხის შესახებ ცალკეულ (ან რამდენიმე) წევრ სახელმწიფოში. ეროვნული უწყებებისა თუ საკუთარი ინიციატივით, კომისარმა შესაძლოა შეიმუშაოს მოსაზრებები კანონპროექტებისა და თუ არსებული პრაქტიკის შესახებ.

გარდა ამისა, კომისრის მანდატი ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა შესახებ ცოდნის გაღრმავებისთვის ხელის შეწყობას ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში. ამისათვის, კომისრის ბიურო, დამოუკიდებლად ან ამა თუ იმ დაინტერესებულ მონაწილეებთან ერთად, მართავს სემინარებსა და სხვა სახის ღონისძიებებს სხვადასხვა თემაზე ადამიანის უფლებების გარშემო და ცდილობს, ჩაერთოს მუდმივ დიალოგში მთავრობებთან, სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესახებ.

ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრუქტურების განვითარებისათვის ხელის შეწყობა

კომისარი მჭიდროდ თანამშრომლობს სახალხო დამცველებთან, ადამიანის უფლებათა დამცველ ეროვნულ ინსტიტუტებთან და სხვა სტრუქტურებთან, რომელთა მოვალეობაშიც შედის ადამიანის უფლებათა დაცვა. კომისარი ახლო სამუშაო ურთიერთობებს ინარჩუნებს, ასევე, ევროკავშირის სახალხო დამცველთან და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ორგანიზებას უწევს მრგვალ მაგიდას სახალხო დამცველებისა და წევრ სახელმწიფოებში მოქმედი ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების მონაწილეობით. იმ ქვეყნებში, სადაც არ არსებობს ამგვარი ორგანიზაციები ან არადამაკმაყოფილებელია მათი განვითარების დონე, კომისარი მტკიცედ უჭერს მხარს მათ დაარსებასა და ეფექტიან ფუნქციონირებას.

დაკავშირება

ადამიანის უფლებათა კომისრის ბიურო
ევროპის საბჭო
F-67075 სტრასბურგი, Cedex
საფრანგეთი

+ 33 (0)3 88 41 34 21
+ 33 (0)3 90 21 50 53
ელ-ფოსტით დაკავშირება


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.