განათლება, კულტურა და მემკვიდრეობა, ახალგაზრდობა და სპორტი (DGIV)

ახალგაზრდობის ევროპული ფონდი

ევროპულ დონეზე ახალგაზრდულ ღონისძიებათა ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, ევროპის საბჭომ 1972 წელს დააარსა ახალგაზრდობის ევროპული ფონდი. მისი წლიური ბიუჯეტი დაახლოებით სამ მილიონ ევროს შეადგენს. დღიდან მისი დაარსებისა, 15-30 წლის ასაკის 300 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ, უმთავრესად წევრი ქვეყნებიდან, პირდაპირი სარგებელი ჰპოვა ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქმიანობებიდან. 2007 წელს ფონდმა დააფინანსა 300-მდე პროექტი, რომელმაც ჩააბა 15 ათასზე მეტი ახალგაზრდა.

ფონდის მიზანს წარმოადგენს ევროპელ ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა იმგვარ ღონისძიებათა ფინანსური მხარდაჭერის მეშვეობით, რომლებიც ემსახურება მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის წახალისებას ევროპის საბჭოს ძირითადი ღირებულებების - ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, შემწყნარებლობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით.

ამდენად, ფონდი ფინანსურად ეხმარება ისეთი ტიპის საქმიანობებს, რომელთაც წარმართავენ ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ქსელები ან სხვა არასამთავრობო სტრუქტურები, ჩართული ახალგაზრდობის საკითხებში, რომლებიც შეესაბამება ევროპის საბჭოს ახალგაზრდულ პოლიტიკასა და საქმიანობას:

  • ევროპული განზომილების მქონე საგანმანათლებლო, სოციალურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ საქმიანობას;
  • ღონისძიებებს, რომელთა მიზანია მშვიდობისა და თანამშრომლობის განმტკიცება ევროპაში;
  • ღონისძიებებს, მიმართულს ევროპაში ახალგაზრდებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და უკეთესი ურთიერთგაგების წახალისებისკენ, განსაკუთრებით ინფორმაციის გაცვლის გაღრმავების მეშვეობით;
  • ღონისძიებებს, რომელთა განზრახვა მდგომარეობს ევროპასა და განვითარებად ქვეყნებში ურთიერთდახმარების სტიმულირებაში კულტურული, საგანმანათლებლო და სოციალური მიმართულებით;
  • სწავლებებს, კვლევებსა და დოკუმენტაციის მომზადებას ახალგაზრდული თემების გარშემო.

იხ. ევროპის საბჭოს პრიორიტეტები ახალგაზრდობის სფეროში 2011 წლისათვის (pdf).

საქმიანობები, რომლებიც შესაძლოა დააფინანსოს ფონდმა

a. ახალგაზრდული შეხვედრები საერთაშორისო დონეზე (ა. კატეგორია)

ფონდი, შესაძლოა, ფინანსურად შეეწიოს ახალგაზრდულ შეხვედრებს საერთაშორისო დონეზე, განკუთვნილს ახალგაზრდა ლიდერებისთვის, მათ შორის სემინარებს, კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, ბანაკებს, ფესტივალებს და ა.შ.

ბ. ახალგაზრდული ღონისძიებები გარდა შეხვედრებისა (ბ, კატეგორია)

გარდა შეხვედრებისა, ფონდის ფინანსური დახმარება შესაძლოა ერგოს ახალგაზრდული საქმიანობის ისეთ სახეობებს, როგორიცაა სწავლებები, კვლევითი პროექტები და ახალგაზრდობის საკითხებზე ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარმოება. ამ კატეგორიაში, ფონდი დააფინანსებს მაგალითად:

  • სპეციალიზებულ გამოცემებს (მაგალითად სამწვრთნელო სახელმძღვანელოები);
  • ცნობის ფურცლებს ან ჟურნალებს საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაციებისა თუ ქსელების ავტორობით;
  • საინფორმაციო კამპანიებს;
  • გამოფენებსა და აუდიო-ვიზუალური მასალების წარმოებას და ა.შ.
  • ვებგვერდების შექმნას ან კომპაქტური დისკების წარმოებას;
  • პლაკატების, ემბლემებისა და ეტიკეტების წარმოებას;
  • კვლევით პროექტებს ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

იგივე კატეგორიაში, ფონდი შესაძლოა დაეხმაროს ასევე სასწავლო ვიზიტებს, რომლებიც ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და ქსელებს მისცემს საშუალებას, დაამყარონ ახალი კონტაქტები ევროპულ დონეზე და შესაბამისად, გააღრმაონ თანამშრომლობა.

g. საერთაშორისო არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ქსელების ადმინისტრირება (გ. კატეგორია)

ევროპის ახალგაზრდულმა ფონდმა, შესაძლოა, ყოველწლიურ საფუძველზე, დააფინანსოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ან ქსელები იმისათვის, რათა მათ შეძლონ ზოგადი ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილის დაფარვა, რაც გამოწვეულია მათი საქმიანობით ევროპულ დონეზე.

ფონდი დაფარავს აგრეთვე საერთაშორისო არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ქსელების ადმინისტრაციულ ხარჯებს მაქსიმუმ სამი წლის მანძილზე, რათა დაეხმაროს მათ ევროპული სტრუქტურის ჩამოყალიბებაში. (გ. bis კატეგორია).

d. საცდელი პროექტები (დ. კატეგორია)

2000 წლის 1 იანვრიდან ახალგაზრდობის ევროპულმა ფონდმა ფინანსური მხარდაჭერა შეიძლება გაუწიოს საცდელ პროექტებს, რომლებიც ატარებენ ახალგაზრდებს შორის შეხვედრების ხასიათს, ან საქმიანობებს, გარდა შეხვედრებისა (დოკუმენტების შემუშავება, კვლევები და გამოცემები). ეს შესაძლებლობა გათვალისწინებულ იქნა იმისათვის, რათა ფონდს მიეცეს საშუალება, რაც შეიძლება ეფექტურად უპასუხოს ევროპის საბჭოს ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტულ მიზნებს, რომლებიც, მათი ბუნებიდან გამომდინარე, საჭიროებს მოქმედების ისეთი გზების დასახვას, რომელთაც არ ბოჭავს უზომოდ მკაცრი ნორმები, პირობები და კრიტერიუმები.

ეს პრიორიტეტული მიზნებია:

  • ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი არაპრივილიგირებული გარემოდან გამოსული ახალგაზრდების დახმარება მათ წინაშე არსებულ გამოწვევათა დაძლევასა და მათი მისწრაფებების რეალიზებაში;
  • ახალგაზრდული მონაწილეობისა და ორგანიზაციის ახალი ფორმების წახალისება;
  • სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათ შორის გარიყვასთან ბრძოლის და იმგვარი მოვლენების პრევენციის გზით, რომლებიც განსაკუთრებით ზემოქმედებს ახალგაზრდებზე;
  • პროგრამებისა და სტრუქტურების მისადაგება და გაფართოება საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებების კვალდაკვალ.

შენიშვნა: ფონდის მიერ არ დაფინანსდება შემდეგი სახის საქმიანობები:

  • კომერციულ მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობა
  • შენობების მშენებლობა, შესყიდვა ან აღჭურვა
  • ტურისტული საქმიანობა
  • საწესდებო ხასიათის შეხვედრები
  • სასკოლო და საუნივერსიტეტო პროგრამის შემადგენელი ღონისძიებები
  • მხოლოდ პროფესიულ წვრთნაზე ორიენტირებული ღონისძიებები

ვის შეუძლია წარადგინოს განაცხადი ახალგაზრდობის ევროპული ფონდის გრანტის მოსაპოვებლად?

  • საერთაშორისო ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია ან ქსელი
  • ეროვნული ან ადგილობრივი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია ან ქსელი
  • ახალგაზრდულ საქმიანობაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციული სტრუქტურები

დამატებითი ინფორმაციისათვის:

http://www.eyf.coe.int/fej/portal/media-type/html/user/anon/page/default


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.