ადამიანის უფლებები და სამართლებრივი საკითხები (DGHL)

პრეზენტაცია

ევროპული კომისია დემოკრატიისათვის კანონის მეშვეობით, უფრო მეტად ცნობილი ვენეციის კომისიის სახელით, არის ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანო საკონსტიტუციო საკითხებზე. 1990 წელს დაარსებული, კომისია წამყვან როლს თამაშობს ისეთი კონსტიტუციების შემუშავებაში, რომლებიც შეესატყვისება ევროპის საკონსტიტუციო მემკვიდრეობის სტანდარტებს.

საწყის ეტაპზე ჩაფიქრებული, როგორც საკონსტიტუციო კანონშემოქმედების საშუალება გადაუდებელი შემთხვევებისთვის, შემდგომში კომისია ჩამოყალიბდა საერთაშორისოდ აღიარებულ დამოუკიდებელ სამართლებრივ კვლევით ცენტრად.

ის ხელს უწყობს ევროპული საკონსტიტუციო მემკვიდრეობის გავრცელებას კონტინენტის ძირითად სამართლებრივ ღირებულებებზე დაყრდნობით და იმავდროულად განაგრძობს “პირველადი საკონსტიტუციო დახმარების” აღმოჩენას ცალკეული სახელმწიფოებისათვის. ვენეციის კომისია, კონსტიტუციების შემუშავებისა და რჩევების მეშვეობით, თამაშობს ასევე უნიკალურ და უცილობელ როლს კრიზისების მართვასა და კონფლიქტების აღკვეთაში.

კომისიის სამართლებრივი სტატუსი და შემადგენლობა

1990 წელს ევროპის საბჭოს 18 წევრი სახელმწიფოს მიერ წილობრივი შეთანხმების სახით დაარსებული, კომისია 2002 წლის თებერვალში იქცა გაფართოებულ შეთანხმებად, რაც საშუალებას აძლევს არაევროპულ სახელმწიფოებს, მოგვევლინონ მის სრულუფლებიან წევრებად.

ვენეციის კომისია აერთიანებს “დამოუკიდებელ ექსპერტებს, რომელთაც, დემოკრატიულ ინსტიტუტებში მსახურებისას დაგროვილი გამოცდილების ან იურიდიული და პოლიტიკური მეცნიერებების განვითარებაში შეტანილი წვლილის წყალობით, მიაღწიეს მაღალ მდგომარეობას” (შესწორებული წესდების მე-2 მუხლი).

წევრები არიან მაღალი რანგის მეცნიერები, განსაკუთრებით საკონსტიტუციო ან საერთაშორისო სამართლის დარგში, უმაღლესი თუ საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეები ან ეროვნული პარლამენტების წევრები. კომისიაში ინდივიდუალური უფლებამოსილებით აღჭურვილნი, წევრებს ოთხი წლით ნიშნავენ მონაწილე სახელმწიფოები.

წევრი სახელმწიფოები

ევროპის საბჭოს ყველა წევრი სახელმწიფო გახლავთ კომისიის წევრი. გარდა ამისა, ყირგიზეთი კომისიას მიუერთდა 2004 წელს, ჩილე 2005 წელს, კორეის რესპუბლიკა - 2006, მაროკო და ალჟირი - 2007, ისრაელი და ტუნისი - 2008, პერუ და ბრაზილია – 2009, მექსიკა კი 2010 წლის დასაწყისში. შედეგად, კომისიაში სულ 57 სრულუფლებიანი წევრია. ბელორუსი არის ასოცირებული წევრი, ხოლო არგენტინა, კანადა, წმინდა საყდარი, იაპონია, ყაზახეთი, აშშ და ურუგვაი - დამკვირვებლები. სამხრეთ აფრიკასა და პალესტინის ეროვნულ ხელისუფლებას გააჩნიათ განსაკუთრებული სათანამშრომლო სტატუსი, რომელიც დამკვირვებლის ანალოგიურია.

ევროპული კომისია და ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) მონაწილეობას იღებენ კომისიის პლენარული სხდომების მუშაობაში.

მიერთება თუ სხვაგვარი მონაწილეობა

კომისიის წესდება

კომისიის საქმიანობა

კანონის მეშვეობით დემოკრატიისათვის ევროპული კომისიის მუშაობა მიზნად ისახავს ევროპის საკონსტიტუციო მემკვიდრეობის სამი ფუძემდებლური პრინციპის ხელშეწყობას: დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, რაც, ასევე, ევროპის საბჭოს ფუძემდებლურ პრინციპებს წარმოადგენს. შესაბამისად, კომისია საქმიანობს შემდეგ ოთხ უმთავრეს სფეროში:

  • მხარდაჭერა საკონსტიტუციო საკითხებში
  • არჩევნები და რეფერენდუმები, პოლიტიკური პარტიები
  • თანამშრომლობა საკონსტიტუციო სასამართლოებთან და სახალხო დამცველებთან
  • ტრანსნაციონალური კვლევები, ანგარიშები და სემინარები

ბმული ვენეციის კომისიის შესახებ სტატიებზე

მხარდაჭერა საკონსტიტუციო საკითხებში

მოთხოვნა მოსაზრების შემუშავების შესახებ

ვენეციის კომისიის პირველადი ამოცანაა ცალკეული სახელმწიფოებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა კანონების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვანია ინსტიტუტების დემოკრატიული ფუნქციონირებისთვის. საზოგადოდ, მოთხოვნას მოსაზრების გაცემის შესახებ აყენებს თავად სახელმწიფო. მინისტრთა კომიტეტს, საპარლამენტო ასამბლეას, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესსა და გენერალურ მდივანს, ან ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ ვენეციის კომისიის მუშაობაში ჩართულ სხვა რომელიმე ორგანიზაციას ასევე შეუძლიათ მიმართონ კომისიას მოსაზრების შემუშავების თხოვნით.

სამუშაო მეთოდი

კომისიის მიერ მოსაზრების შემუშავებისას მიღებული სამუშაო მეთოდი გულისხმობს მომხსენებელთა სამუშაო ჯგუფის დანიშვნას (უმთავრესად მის წევრთა რიგებიდან), რომელიც სათანადო რჩევებით ეხმარება ეროვნულ ხელისუფლებას შესაბამისი კანონის შემუშავების პროცესში. ეროვნულ ხელისუფლებასთან და ქვეყანაში ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან დებატების შემდგომ, სამუშაო ჯგუფი ამზადებს მოსაზრების პროექტს, რომელიც განსაზღვრავს, შეესაბამება თუ არა საკანონმდებლო დოკუმენტი ამ სფეროში არსებულ დემოკრატიულ სტანდარტებს და რა საშუალებებით უნდა გაუმჯობესდეს ის საერთო გამოცდილების გათვალისწინებით. ვენეციის კომისია მოსაზრების პროექტს იხილავს და ამტკიცებს პლენარული სხდომის მსვლელობისას, ჩვეულებრივ, შესაბამისი სახელმწიფოს წარმომადგენელთა თანდასწრებით. მიღების შემდგომ მოსაზრება საჯაროა და ის გადაეცემა მომთხოვნ მხარეს.

არადირექტიული მიდგომა

მართალია, კომისიის მოსაზრებები, ზოგადად, ასახვას ჰპოვებს მიღებულ კანონმდებლობაში, ვენეციის კომისია არავის ახვევს თავს მისეულ ხედვას, არამედ არჩევს არადირექტიულ მიდგომას, რომელიც დიალოგს ემყარება. ამის გამო, სამუშაო ჯგუფი, როგორც წესი, სტუმრობს შესაბამის სახელმწიფოს და მართავს შეხვედრებს კონკრეტულ საკითხში ჩართულ სხვადასხვა პოლიტიკურ მხარესთან, რათა უზრუნველყოს სიტუაციის რაც შეიძლება ობიექტური ხედვა.

კონფლიქტების გადაწყვეტა სამართლებრივი სახის კონსულტაციების მეშვეობით

კონფლიქტის გადაჭრის შესახებ პოლიტიკური შეთანხმება უნდა დაემყაროს სიცოცხლისუნარიან სამართლებრივ დოკუმენტს. იურიდიული ტექსტის გარშემო შეთანხმებამ, შესაძლოა, ასევე მოიტანოს შედეგად პოლიტიკური გამოსავლის მოძიება. ამის გამო, ვენეციის კომისია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყნებს, რომლებიც აწყდებიან ან გადალახეს ეთნოპოლიტიკური კონფლიქტები.

ამ კონტექსტში, ევროკავშირის თხოვნის საფუძველზე, ვენეციის კომისიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბოსნია ჰერცეგოვინის, “ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის”, სერბეთისა და მონტენეგროს, ისევე როგორც კოსოვოს მხარის საკონსტიტუციო კანონების შემუშავებასა და განმარტებაში. ის ასევე ჩაბმულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (საქართველო) და დნესტრისპირეთის (მოლდოვა) სტატუსის გარშემო არსებული კონფლიქტების გადაჭრისათვის მიმართულ მცდელობებში.

საკონსტიტუციო მართლმსაჯულება

თანამშრომლობა საკონსტიტუციო სასამართლოებთან

კანონის უზენაესობის სფეროსთან მიმართებაში, საკმარისი არ არის სახელმწიფოთა დახმარება დემოკრატიული კონსტიტუციების მიღებაში. საჭიროა აგრეთვე მათთვის დახმარების აღმოჩენა ამ კონსტიტუციათა ცხოვრებაში გატარების უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო მართლმსაჯულება ასევე წარმოადგენს საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს სფეროს კომისიისათვის, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ამ სფეროს უმთავრეს მხარეებთან - საკონსტიტუციო სასამართლოებთან და მსგავსი იურისდიქციით აღჭურვილ სხვა სასამართლოებთან (საკონსტიტუციო საბჭოები, უმაღლესი სასამართლოები). ჯერ კიდევ 1991 წელს კომისიამ დააფუძნა საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ცენტრი, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს საკონსტიტუციო პრეცედენტული სამართლის შეგროვება და გავრცელება.

ამ მიზნით, კომისიამ დააარსა სასამართლოების მეკავშირეთა ქსელი. წელიწადში სამჯერ ისინი მონაწილეობენ საკონსტიტუციო პრეცედენტული სამართლის შესახებ ბიულეტენისა და კომისიის მონაცემთა ბაზის – “CODICES” შექმნაში, რომლებიც, ბიბლიოთეკასთან და “ვენეციის ფორუმთან” ერთად, ქმნიან კომისიის საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ცენტრის საფუძვლებს და იძლევიან სასამართლოებს შორის მიმდინარე საკითხების გარშემო ინფორმაციის სწრაფი გაცვლის საშუალებას.

საკონსტიტუციო მართლმსაჯულების შეერთებული საბჭო

ამ სფეროში კომისიის საქმიანობას ზედამხედველობს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების შეერთებული საბჭო. ის თავს უყრის კომისიის წევრებსა და მეკავშირეეებს, რომელთაც ნიშნავენ მონაწილე სასამართლოები 50-ზე მეტი სახელმწიფოდან (მათ შორის, ევროპის საზღვრებს გარედან), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ევროპულ თანამეგობრობათა მართლმსაჯულების სასამართლო და ადამიანის უფლებათა ინტერამერიკული სასამართლო. შეერთებულ საბჭოში თანათავმჯდომარეობის შემოღება, რომელიც თანადროულად წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოებსა და საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ქვეკომისიას, კიდევ მეტად უსვამს ხაზს ამ თანამშრომლობაში მონაწილე სასამართლოთა მნიშვნელობას.

მონაცემთა ბაზა “CODICES” და საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ბიულეტენი

1993 წლიდან, კომისიის საქმიანობას საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სფეროში შეემატა საკონსტიტუციო პრეცედენტული სამართლის შესახებ ბიულეტენის გამოცემაც ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც მიმოიხილავს 90-ზე მეტი მონაწილე სასამართლოს მიერ მიღებულ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ბიულეტენს თავისი ელექტრონული ანალოგიც გააჩნია - მონაცემთა ბაზა “CODICES”, რომელიც მოიცავს 7000-ზე მეტ გადაწყვეტილებას სრულად, კონსტიტუციებს, მრავალი სასამართლოს აღწერილობას და ნორმატიულ აქტებს მათ შესახებ. ამ გამოცემებმა დაადასტურეს, რომ თამაშობენ სასიცოცხლო “ურთიერთგამამდიდრებელ” როლს საკონსტიტუციო პრეცედენტული სამართლის განვითარებაში.

რეგიონული თანამშრომლობა სასამართლოებთან ევროპის გარეთ

1996 წლიდან, კომისიამ წამოიწყო თანამშრომლობა საკონსტიტუციო სასამართლოების არაერთ რეგიონულ თუ ენობრივ დაჯგუფებასთან, კერძოდ: ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოთა კონფერენცია, ფრანგულ ენაზე მოქმედ საკონსტიტუციო სასამართლოთა ასოციაცია, სამხრეთ აფრიკის მოსამართლეთა კომისია, ახალგაზრდა დემოკრატიულ სახელმწიფოებში საკონსტიტუციო კონტროლის მქონე ორგანოთა კონფერენცია, აზიის არაერთი საკონსტიტუციო სასამართლო, არაბული საკონსტიტუციო სასამართლოებისა და საბჭოების კავშირი და საკონსტიტუციო მართლმსაჯულების იბერო-ამერიკული კონფერენცია (იხ. რუკა).

ამ დაჯგუფებებისა და მათი წევრების ერთიანობის მიზნისაკენ, კომისიამ, სამხრეთ აფრიკის საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით, პირველად მოაწყო მსოფლიო კონფერენცია საკონსტიტუციო მართლმსაჯულების შესახებ, რომელიც შედგა 2009 წლის 23-24 იანვარს კეიპტაუნში (სამხრეთ აფრიკა) თემაზე: “გავლენიანი საკონსტიტუციო მართლმსაჯულება - მისი ზეგავლენა საზოგადოებასა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო იურისპრუდენციის განვითარებაზე”. ამ ღონისძიებაზე მიღებული დეკლარაციის საფუძველზე, კომისია ეხმარება სპციალურ ბიუროს მსოფლიო კონფერენციის მუდმივმოქმედ ორგანოდ ჩამოყალიბებაში. ბრაზილიის უმაღლესი ფედერალური სასამართლოს მოწვევით, ბიურომ მიიღო ასევე გადაწყვეტილება, 2011 წლის 16-18 იანვარს რიო დე ჟანეიროში გაიმართოს მე-2 კონგრესი თემაზე: “ხელისუფლების განაწილება და საკონსტიტუციო სასამართლოებისა და მსგავსი ორგანოების დამოუკიდებლობა”.

სასამართლოებს, რომლებიც თანამშრომლობენ ვენეციის კომისიასთან რეგიონულ საფუძველზე (ე.ი. იმ სახელმწიფოების სასამართლოები, რომლებიც არ არიან კომისიის წევრები თუ დამკვირვებლები), სრულად მიუწვდებათ ხელი ვენეციის კომისიის შეზღუდული დაშვების ცნობის ფურცელზე და მონაწილეობენ “Codices” მონაცემთა ბაზის შევსებაში.

სემინარები საკონსტიტუციო სასამართლოებთან თანამშრომლობით

არაერთი საკონსტიტუციო სასამართლოს თხოვნის პასუხად, კომისიას მათთან თანამშრომლობით გამართული აქვს მთელი რიგი ღონისძიებებისა. 1996 წლიდან კონფერენციები და სემინარები შედგა სომხეთში, აზერბაიჯანში, ბოსნია ჰერცეგოვინაში, ხორვატიაში, ესტონეთში, საფრანგეთში, საქართველოში, ყირგიზეთში, ლატვიაში, ლიტვაში, მოლდოვაში, პოლონეთში, რუმინეთში, რუსეთში, სლოვაკეთში, სამხრეთ აფრიკასა და უკრაინაში (სემინარები საკონსტიტუციო სასამართლოებთან). მათ მოიცვეს არა მხოლოდ პრაქტიკული საკითხები, როგორიცაა საჩივრების მენეჯმენტი თუ სასამართლოების ბიუჯეტი და მათი ურთიერთობები საზოგადოებასთან, არამედ, ასევე, ძირითად დემოკრატიულ პრინციპებთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა ხელისუფლების განაწილება ან მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა.

Amicus curie მოსაზრებები და პირდაპირი მხარდაჭერა

საკონსტიტუციო ან მსგავსი იურისდიქციით აღჭურვილი სასამართლოს თხოვნის საფუძველზე, კომისიას შეუძლია შეიმუშაოს Amicus curie მოსაზრებები არა რომელიმე ნორმის კონსტიტუციურობის შესახებ, არამედ საკონსტიტუციო და საერთაშორისო შედარებითი სამართლის საკითხებზე.

საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სფეროში ქმედების საგულისხმო მხარეს შეადგენს საკონსტიტუციო თუ მსგავსი იურისდიქციის მქონე სასამართლოების მხარდაჭერა ხელისუფლების სხვა შტოების მხრიდან მათზე განხორციელებული ზეწოლის შემთხვევებში. უკვე რამდენჯერმე კომისიამ ისიც კი შეძლო, რომ რამდენიმე სასამართლოს, რომელთაც დაშლის საფრთხე ემუქრებოდათ, არსებობა შეენარჩუნებინათ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, უცხოეთის პრეცედენტული სამართლის საჭიროების შემთხვევაში გამოყენების გაადვილებით, ბიულეტენი და “CODICES” ასევე ეხმარება სასამართლო ხელისუფლების განმტკიცებას. და ბოლოს, კომისია, საკონსტიტუციო ან მსგავსი იურისდიქციით აღჭურვილ სასამართლოებთან თანამშრომლობით, აწყობს სემინარებსა და კონფერენციებს და მათ ინტერნეტში სთავაზობს “ვენეციის ფორუმს”, რომლის გამოყენებით მათ ეძლევათ შესაძლებლობა, სწრაფად გაცვალონ ინფორმაცია განხილვის სტადიაში არსებულ საქმეებზე.

სასარგებლო ბმულები:

საკონსტიტუციო სასამართლოები
“Codices” მონაცემთა ბაზა
ბიბლიოთეკა

არჩევნები და რეფერენდუმები, პოლიტიკური პარტიები

დღიდან დაარსებისა, ვენეციის კომისია საქმიანობს საარჩევნო სფეროში, განსაკუთრებით საარჩევნო კანონმდებლობის პროექტებზე მოსაზრებათა შემუშავების მეშვეობით. კომისია ასევე მონაწილეობს საარჩევნო საკანონმდებლო ნორმების შემუშავებაში. ამის ყველაზე ტიპური მაგალითია ალბანეთი, სადაც კომისიამ, ორპარტიული კომისიის მუშაობის ფარგლებში, 1997, 2000 და 2003 წლებში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო კანონმდებლობის შემუშავებაში. 1997 წელს კომისიას პირველი საარჩევნო კანონპროექტის შექმნაც კი ეთხოვა ბოსნიისა და ჰერცეგოვინისთვის.

კომისია მჭიდროდ თანამშრომლობს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (OSCE/ODIHR). საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ მოსაზრებათა უმრავლესობა შემუშავებულია ამ ორი ორგანიზაციის მიერ.

სახელმწიფოებს შორის, რომლებიც საარჩევნო სფეროში რეგულარულად თანამშრომლობენ კომისიასთან, შეიძლება მოვიხსენიოთ ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და უკრაინა. კომისია შედარებით ნაკლები რეგულარობით საქმიანობს ზოგიერთ სხვა სახელმწიფოშიც, მაგალითად შვეიცარიის კანტონებში, ხორვატიაში, მოლდოვაში, რუმინეთსა და “ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიაში”.

ვენეციის კომისია ასევე მუშაობს რეფერენდუმებთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორც ეს მოხდა მონტენეგროს შემთხვევაში.

2002 წლიდან, კომისიის როლი საარჩევნო საკითხებთან მიმართებაში განამტკიცა დემოკრატიული არჩევნების საბჭოს შექმნამ. გარდა ამისა, მისი საქმიანობა მოიცავს სემინარებს, საწვრთნელ კურსებსა და მხარდამჭერ მისიებს. იმისათვის, რათა საარჩევნო ნორმებს შეეძინა გარკვეული სტაბილურობა და დაჩქარებულიყო ევროპის საარჩევნო მემკვიდრეობის ჩამოყალიბება, ვენეციის კომისიამ და დემოკრატიული არჩევნების საბჭომ შეიმუშავეს ევროპის საარჩევნო მემკვიდრეობის პრინციპები, განსაკუთრებით “საარჩევნო საკითხებში მართებული ქცევის კოდექსის” შემუშავების მეშვეობით, რომელსაც თან ერთვის სხვა სახელმძღვანელო მასალები.

დემოკრატიული არჩევნების საბჭო

დემოკრატიული არჩევნების საბჭო (CDE) აერთიანებს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, საპარლამენტო ასამბლეისა და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის წარმომადგენლებს. ის მიესალმება ასევე ევროპარლამენტის, ევროკომისიის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ისევე როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საარჩევნო ოფიციალურ პირთა ასოციაციის (ACEEEO) დამკვირვებლის სახით ჩართვას მის მუშაობაში.

დემოკრატიული არჩევნების საბჭოს მიზანია არჩევნების სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა ვენეციის კომისიასა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესს შორის, რომლებიც, შესაბამისად, წარმოადგენენ არჩევნებზე დამკვირვებელ სამართლებრივ და პოლიტიკურ უწყებებს, იმისათვის რათა ხელი შეუწყოს საერთო-ევროპულ ფასეულობებს ამ სფეროში – ევროპის საარჩევნო მემკვიდრეობის პრინციპებს.

დემოკრატიული არჩევნების საბჭო აანალიზებს ვენეციის კომისიის მოსაზრებათა პროექტებსა და კვლევებს საარჩევნო სფეროში, ვიდრე მათ გადასცემდეს კომისიის პლენარულ სხდომას. გარდა ამისა, ის მეთვალყურეობას უწევს მონაცემთა ბაზას, რომელშიც შესულია ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა საარჩევნო კანონმდებლობები.

ქვემოთ ჩამოთვლილია ვენეციის კომისიის მიერ არჩევნების სფეროში წარმართული სხვადასხვა ტიპის საქმიანობა:

  • მოსაზრებები და კვლევები
  • სემინარები, საწვრთნელი კურსები და მხარდამჭერი მისიები
  • მონაცემთა ბაზა “Vota”

მოსაზრებები და კვლევები

შესავალი

a. პირველ ყოვლისა, ვენეციის კომისია იხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ ზოგად საკითხებს. “საარჩევნო საკითხებში მართებული ქცევის კოდექსის“ გარდა, კომისიამ შეიმუშავა, მაგალითად, შედარებითი კვლევა რეფერენდუმის შესახებ ევროპაში, ანგარიშები ხმის უფლებაზე დაწესებულ შეზღუდვათა შესახებ (ეროვნულ კანონმდებლობებში და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად) და ანგარიში საარჩევნო ნორმებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში პოზიტიური ქმედების შესახებ ეროვნულ უმცირესობათა მონაწილეობის ხელშესაწყობად ევროპის ქვეყნებში. 2007 წლის მარტში მან მიიღო მართებული ქცევის კოდექსი რეფერენდუმებისთვის, რომელიც გახლავთ საარჩევნო საკითხებში მართებული ქცევის კოდექსის ანალოგი, ადაპტირებული რეფერენდუმებთან.

საჯარო საქმიანობაში ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების მონაწილეობის საკითხში გაწეული სამუშაოს ფარგლებში, ვენეციის კომისიამ მიიღო დოკუმენტი “საარჩევნო კანონი და ეროვნული უმცირესობები“. მასში გაცხადებულია, რომ მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოში თუ მოქმედებს სპეციალური ნორმები უმცირესობათა არჩევით ორგანოებში წარმომადგენლობის შესახებ. არჩევით ორგანოებში, განსაკუთრებით კი ეროვნულ პარლამენტებში ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების მონაწილეობის საკითხის შესწავლა მოითხოვს საარჩევნო კანონის უფრო ზოგადი თემების შესწავლას და კერძოდ, საარჩევნო სისტემების ზეგავლენისა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლობაზე.

ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების მონაწილეობა საჯარო ცხოვრებაში - არჩევით ორგანოებში მათი მსახურების მეშვეობით, არა სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ნორმების გამოყენებას მოსდევს შედეგად, არამედ საარჩევნო კანონის ზოგადი პრინციპების განხორციელებას, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, მისადაგებულია იმისათვის, რათა გაიზარდოს ამგვარი უმცირესობების კანდიდატთა წარმატების შანსი.

ვენეციის კომისიამ აწარმოა ასევე რამდენიმე სხვა კვლევაც ზოგადი თემების გარშემო, როგორიცაა საარჩევნო სტანდარტები, საარჩევნო სისტემები, ელექტრონული და დისტანციური ხმის მიცემა, ისევე როგორც იმგვარი მონაცემთა ბაზის შექმნა, რომელშიც მოცულია, სხვებს შორის, ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა საარჩევნო კანონმდებლობები.

b. ვენეციის კომისია რეგულარულად იღებს მოსაზრებებს საარჩევნო საკითხების გარშემო. 2006 წელს მან შეიმუშავა მოსაზრებები სომხეთის, ბელორუსის, ხორვატიის, საქართველოსა და სერბეთის საარჩევნო კანონების შესახებ. მოსაზრებათა დიდი უმრავლესობა მზადდება ეუთოსთან და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (OSCE/ODIHR) თანამშრომლობით.

კომისია ასევე იღებს მოსაზრებებს რეფერენდუმების შესახებ, როგორც ეს ბოლო ხანს იყო მონტენეგროს შემთხვევაში (მოსაზრება რეფერენდუმის შესახებ მონტენეგროში).

საარჩევნო სფეროში ზოგიერთი სახელმძღვანელო დოკუმენტის შინაარსი

მართებული ქცევის კოდექსი არჩევნების სფეროში

დემოკრატიული არჩევნების საბჭოს პირველ დავალებას შეადგენდა არჩევნების სფეროში მართებული ქცევის კოდექსის შემუშავება. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს არა მხოლოდ ევროპის საარჩევნო მემკვიდრეობის ძირითად ნორმებს, როგორიცაა საყოველთაო, თანასწორი, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი კენჭისყრა, ისევე როგორც არჩევნების ჩატარების სიხშირე, არამედ, აგრეთვე, არჩევნების სათანადოდ ჩასატარებლად საჭირო ზოგად პირობებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა, განსაკუთრებით პოლიტიკურ სივრცეში, არჩევნების ორგანიზება მიუკერძოებელი უწყების მიერ და გასაჩივრების ეფექტური სისტემა.

მართებული ქცევის კოდექსი არის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლის მიზანია საარჩევნო ნორმების ჰარმონიზების ხელშეწყობა და მისი მეშვეობით არჩევნების შეფასების გაადვილება. ის მიიღო დემოკრატიული არჩევნების საბჭომ და ვენეციის კომისიამ და შემდგომში მოიწონა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესმა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ერთ-ერთ მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში, ასევე გამოხატა თავისი მხარდაჭერა კოდექსისადმი. კოდექსი ეძღვნება საარჩევნო სფეროს სპეციალისტებს (საარჩევნო კომისიების წევრებს, უნივერსიტეტების ლექტორებს), ისევე როგორც დამკვირვებლებს, პოლიტიკოსებსა და უფრო ზოგადად, ყველა მოქალაქეს, ვინც ამომრჩეველია.

სხვა სახელმძღვანელო მასალები

მართებული ქცევის კოდექსი რეფერენდუმებისთვის

2007 წლის მარტში ვენეციის კომისიამ მიიღო მართებული ქცევის კოდექსი რეფერენდუმებისთვის, რომელიც ერთვის მართებული ქცევის კოდექსს საარჩევნო საკითხებში. დოკუმენტის დასაწყისში მოცემულია ევროპის საარჩევნო მემკვიდრეობის პრინციპების ჩამონათვალი, რომლებიც საერთოა როგორც არჩევნების, ისე რეფერენდუმების შემთხვევაში (საყოველთაო, თანასწორი, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი არჩევნები) და ამ პრინციპების განხორციელებისთვის საჭირო პირობები (მათ შორის, ძირითად უფლებათა დაცვა, სამართლის სტაბილურობა, არჩევნების ორგანიზება მიუკერძოებელი ორგანოს მიერ, გასაჩივრების ეფექტური სისტემის არსებობა) და უსადაგებს მათ რეფერენდუმის სპეციფიკურ ბუნებას. მისი ბოლო ნაწილი ყურადღებას მიმართავს რეფერენდუმთან დაკავშირებულ განსაკუთრებულ ნორმებზე, როგორიცაა შინაარსისა და ფორმის ერთიანობა, უპირატესი ძალის მქონე ყველა კანონთან და მთლიანად სამართლის წესრიგთან შესაბამისობა, პროცედურული ნორმების ჩათვლით. გამოცემული სახელმძღვანელო ნორმები ადგენს, რომ რეფერენდუმის მიზანი განსაზღვრულ უნდა იყოს კონსტიტუციასა თუ კანონში და რომ სასურველი არ არის ქვორუმის გათვალისწინება. ისინი ასევე შეეხებიან სახალხო ინიციატივებთან დაკავშირებულ ცალკეულ პრინციპებს და უშვებენ მათი ნაწილობრივ უკანონოდ გამოცხადების შესაძლებლობას.

არჩევნებზე დაკვირვების ბლანკი

2003 წელს, საპარლამენტო ასამბლეის თხოვნის საფუძველზე, დემოკრატიული არჩევნების საბჭომ, ეუთოსთან და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (OSCE/ODIHR) ერთად, დაამტკიცა კითხვარი არჩევნებზე დაკვირვებისათვის. ეს კითხვარი, რომლის განვრცობაც ამ ორგანიზაციებს შეუძლიათ ყოველი კონკრეტული არჩევნების შემთხვევაში, დამკვირვებლებს აძლევს საშუალებას, დააკვირდნენ საარჩვენო პროცესს არჩევნების დღემდე, ხმის მიცემისას და ზედამხედველობა გაუწიონ არჩევნების შემდგომ ქმედებებს: ხმების დათვლასა და შედეგების გამოცხადებას.

ანგარიში საარჩევნო კანონისა და საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ ევროპაში – სინთეზური კვლევა პერიოდული გამოწვევებისა და პრობლემური საკითხების შესახებ

ამ კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ევროპის მასშტაბით საარჩევნო კანონსა და საარჩევნო ადმინისტრაციაში არსებული პერიოდული გამოწვევებისა და სისუსტეების გამოვლენა შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებისა და წარმატებული პრაქტიკის ჭრილში. დასაწყისში მოცემული დაკვირვებით, ზოგიერთი არჩევნები არ შეესაბამებოდა ევროპის საარჩევნო მემკვიდრეობის პრინციპებს, შემდგომ კი გამოკვლეულია მიზეზები, რამაც, კანონსა თუ პრაქტიკაში, გამოიწვია ამგვარი მდგომარეობა. გამოვლენილ პრობლემებს შორის არის: მთლიანად საკანონმდებლო ჩარჩო, შესაძლოა, მეტად კომპლექსური ან არასტაბილურია; არჩევნების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი ორგანოები ყოველთვის არ არიან ნამდვილად დამოუკიდებელნი და მათი წევრების დანიშვნაში გადამწყვეტი როლი ეკუთვნით ძალაუფლების მქონეთ; მათი ფუნქციონირება, შესაძლოა, იყოს ნაკლებ გამჭვირვალე და თავად ისინი იყვნენ არასათანადოდ მომზადებულნი; საარჩევნო სიები ხშირად შორს არის სასურველისგან, იქნება ეს მანიპულირებით გამოწვეული თუ არა; კანდიდატთა რეგისტრირების პროცედურები ასევე შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს საყოველთაო კენჭისყრის პრინციპს; საარჩევნო კამპანია კიდევ ერთი სფეროა, სადაც ვლინდება მრავალი დარღვევა, მათ შორის მედიით მიკერძოებულად სარგებლობა, საჯარო ხელისუფლების ჩარევა, კამპანიების უთანასწორო და გაუმჭვირვალე დაფინანსება, ძირითადი უფლებებით სარგებლობაზე შეზღუდვების დაწესება კამპანიის მსვლელობის დროს. ანგარიშში წარმოდგენილია არჩევნების სათანადო მიმდინარეობა და გაყალბების თავიდან აცილების საშუალებები ხმის მიცემისა და დათვლის დროს, განსაკუთრებით შედეგების გადაცემისას გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მეშვეობით; და ბოლოს, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანოებში გასაჩივრების პროცედურა გადამწყვეტია იმისათვის, რათა საარჩევნო კანონი არ იყოს lex imperfecta.

საინფორმაციო დოკუმენტი ამომრჩეველთათვის

2003 წელს დემოკრატიული არჩენების საბჭომ მიიღო საინფორმაციო დოკუმენტი ამომრჩევლებისთვის. ის იძლევა ინფორმაციის ზოგად ჩარჩოს, რომელიც წევრი სახელმწიფოს ხელისუფლებას შეუძლია მიაწოდოს საკუთარ ამომრჩეველს და ის შესაძლოა მიესადაგოს თითოეული სახელმწიფოს სიტუაციას, როგორც ეს იყო საქართველოში 2003 და 2004 წლებში, სადაც დარიგდა ამ დოკუმენტის 300.000 ასლი.

სასარგებლო ბმულები:

სემინარები, საწვრთნელი კურსები და მხარდამჭერი მისიები

ევნეციის კომისია ორგანიზებას უწევს საწვრთნელ კურსებს და მართავს მხარდამჭერ მისიებს.

სემინარები

სემინარი ევროპული კონსტიტუციონალიზმის სფეროში საარჩევნო კანონის ევროპული სტანდარტების შესახებ (სოფია, 2004 წლის მაისი): ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით განხილული ანგარიშები მოიცავდა ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორიცაა სხვადასხვა საარჩევნო სისტემის უპირატესობები და ნაკლოვანებები, ეროვნული მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანოების პრეცედენტული სამართალი საარჩევნო დავების შესახებ, უცხოელთა მონაწილეობა საარჩევნო პროცესში ადგილობრივ დონეზე, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა საარჩევნო უფლებები და საარჩევნო კანონის შესაძლო შემუშავება ევროკავშირში.

სემინარი არჩევნების ორგანიზების შესახებ მიუკერძოებელი ორგანოს მიერ (ბელგრადი, 2005 წლის ივნისი):
ეს სემინარი ძირითადად შეეხებოდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს. აქცენტი დაისვა ოთხ ძირითად საკითხზე: საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობა და ფუნქციონირება, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა და კომპეტენციის სფეროები, საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობა და მიუკერძოებლობა კენჭისყრის დღეს და მის შემდგომ. ღონისძიებამ ხელი შეუწყო საარჩევნო კანონისა და პრაქტიკის პრინციპების გავრცელებას, რამდენადაც საშუალება მისცა არჩევნების ორგანიზებაზე პასუხისმგებელ ორგანოებს, გაეცვალათ გამოცდილება და ინფორმაცია ამ თემის გარშემო.

სემინარი დემოკრატიული არჩევნების წინაპირობათა შესახებ (ბუქარესტი, 2006 წლის თებერვალი):
ამ ღონისძიების მიზანი გახლდათ იმ ფაქტის ხაზგასმა, რომ არჩევნები მხოლოდ არჩევნების დღეს არ ნიშნავს, არამედ ის უნდა მოთავსდეს ზოგად კონტექსტში. ნამდვილად დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული წინაპირობების შემთხვევაში, როგორიცაა ძირითად უფლებათა დაცვა, თანაბარი ხელმისაწვდომობა მედიასა და დაფინანსებაზე, არჩევნების ორგანიზება მიუკერძოებელი ორგანოს მიერ და გასაჩივრების ეფექტური სისტემის არსებობა.

საარჩევნო საწვრთნელი კურსები

ვენეციის კომისია მართავს საწვრთნელ კურსებს არჩევნების ორგანიზების თაობაზე, განკუთვნილს საარჩევნო კანონმდებლობის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირთათვის. ამ კურსების მიზანი მდგომარეობს ევროპული საარჩევნო მემკვიდრეობის პრინციპების პრაქტიკული ხორცშესხმის უზრუნველყოფაში. დღეისათვის ამ ტიპის ღონისძიებები შედგა შემდეგ ქვეყნებში: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა, “ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია” და უკრაინა.

საარჩევნო საწვრთნელი კურსი აზერბაიჯანის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით (ბაქო, 2005 წლის სექტემბერი)

ეს კურსი ორგანიზებულ იქნა 2005 წლის 6 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში. უმთავრესი თემები გახლდათ:

  • წინასაარჩევნო პერიოდი, კანდიდატთა, მათ წარმომადგენელთა/ნდობით აღჭურვილ პირთა უფლებები და მოვალეობები წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს; საარჩევნო კომისიების წევრთა უფლებები და მოვალეობები;
  • ეროვნულ და საერთაშორისო დამკვირვებელთა უფლებები და მოვალეობები კენჭისყრის დღეს და მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში;
  • არჩევნების დღე, კენჭისყრა, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა უფლებები და მოვალეობები;
  • ხმების დათვლა და შედეგების გამოცხადება, საარჩევნო დავები.

არჩევნების მხარდამჭერი მისიები

საჭიროების შემთხვევაში, ვენეციის კომისია დახმარებას უწევს ეროვნულ ხელისუფლებებს საარჩევნო კანონმდებლობის ხორცშესხმაში. მაგალითად, 2003 წლის მაისში ვენეციის კომისია დაეხმარა სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს საარჩევნო დავის გადაჭრაში, რომელიც წარმოიშვა 2003 წლის 19 თებერვლისა და 2003 წლის 5 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამომდინარე. ამ ტიპის დახმარების სხვა მაგალითია ვენეციის კომისიის მხარდაჭერა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი 2003 წელს, ამავე წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მოგვიანებით კი 2004 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებთან და 2004 წლის მარტის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიამ დახმარება აღმოუჩინა ასევე აჭარის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2004 წლის ივნისში. 2005 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, საქართველოს ახლადარჩეული ცენტრალური საარჩევნო კომისიის თხოვნაზე გამოხმაურების სახით, ვენეციის კომისიამ მის განკარგულებაში გამოყო საარჩევნო სამართლის სფეროს ექსპერტი, რომელიც დაეხმარა საარჩევნო ადმინისტრაციას მომავალი არჩევნების მომზადების სამართლებრივი და ტექნიკური საკითხების გარშემო. აგრეთვე, 2006 წელს ვენეციის კომისიამ რამდენიმე გზის ადგილზე მიავლინა ექსპერტი, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის გაუმჯობესებას.

მონაცემთა ბაზა “Vota”

ვენეციის კომისიის სამდივნოს მიერ შექმნილი “Vota” მონაცემთა ბაზის ძირითადი მიზანია ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებსა და კომისიის საქმიანობაში ჩართულ სხვა სახელმწიფოებში, მაგალითად ყირგიზეთსა და კანადაში მოქმედ საარჩევნო კანონმდებლობათა ხელმისაწვდომობის გაადვილება. ის უკვე მოიცავს დაახლოებით 30 წევრი სახელმწიფოს 60 კანონს. ამჟამად ეს კანონები ხელმისაწვდომია ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე, მოკლე ხანში კი ხელმისაწვდომი იქნება მათ ორიგინალურ ენაზეც. საკონსტიტუციო დებულებები, ისევე როგორც ვენეციის კომისიის მიერ საარჩევნო სფეროში შემუშავებული მოსაზრებები და კვლევები თანდათანობით ემატება მონაცემთა ბაზას.

სასარგებლო ბმულები: მონაცემთა ბაზა “Vota”; არჩევნების მმართველ ორგანოთა ფორუმი “VOTA” (შეზღუდულად ხელმისაწვდომი)

პოლიტიკური პარტიები

უკვე რამდენიმე წელია, ვენეციის კომისია მუშაობს პოლიტიკური პარტიების საკითხზე, რომლებიც ფუნდამენტურ როლს თამაშობენ დემოკრატიულ ცხოვრებაში.

ვენეციის კომისიის ძირითადი კვლევები პოლიტიკური პარტიების შესახებ გახლავთ:

- მართებული ქცევის კოდექსი პოლიტიკური პარტიების სფეროში

პოლიტიკური პარტიების სფეროში მართებული ქცევის კოდექსი ერთ დოკუმენტში აერთიანებს პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ სტანდარტებს. ეს დოკუმენტი, რომელიც გამიზნულია თავად პარტიებისთვის და არა სახელმწიფოებისთვის, დასაწყისში კიდევ ერთხელ ჩამოთვლის სახელმძღვანელო პრინციპებს პოლიტიკური პარტიებისთვის: კანონის უზენაესობა, დემოკრატია, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, გამჭვირვალობა და გახსნილობა. პოლიტიკური პარტიების შიდა ორგანიზებასთან მიმართებაში ის აღნიშნავს, რომ თითოეულ ადამიანს უნდა გააჩნდეს არჩევანის თავისუფლება იმასთან დაკავშირებით, გაწევრიანდეს თუ არა პოლიტიკურ პარტიაში და თუ რომელ მათგანში გაწევრიანდეს. საუკეთესო პრაქტიკის შემთხვევებში, საჭიროა, გარიცხვის პროცედურა გადაეცეს დისციპლინარულ ორგანოებს და არსებობდეს ნათელი პროცედურები დასაბუთებული გადაწყვეტილებების მისაღებად. პოლიტიკური პარტიები ორგანიზებულ უნდა იქნეს წარმომადგენლობითობისა და გახსნილობის, პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების, ისევე როგორც გამჭვირვალობის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. პარტიული ხელმძღვანელები ნებისმიერ სტრუქტურულ საფეხურზე უნდა იყვნენ დემოკრატიულად არჩეულნი. პარტიის დაფინანსება უნდა შეესაბამებოდეს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპებს. პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა პროგრამის შემუშავება, რომელიც, საუკეთესო პრაქტიკის შემთხვევაში, პარტიის წევრთა შორის დისკუსიის შედეგს წარმოადგენს და აგრეთვე მისი მოწონება დადგენილი პროცედურების თანახმად. პროგრამები ხელმძღვანელობს პარტიის მოქმედებებს მაშინ, როცა ის ხელისუფლებაშია. უფრო ფართო გაგებით, ამ კოდექსის ზოგადი ფუძემდებლური პრინციპები შეეხება პარტიებს მათი როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში მოღვაწეობის პერიოდში. პარტიის წევრები ცალსახად უნდა მიჯნავდნენ თავიანთ პარტიულ კუთვნილებასა და სამსახურებრივ მოვალეობებს.

- სახელმძღვანელო პრინციპები პოლიტიკური პარტიების აკრძალვისა და დაშლის შესახებ და სხვა ანალოგიური ზომები

ეს კვლევა ხაზს უსვამს ფაქტს, რომ პოლიტიკური პარტიების საქმიანობა უზრუნველყოფილია შეკრების თავისუფლების საფუძველზე. კერძოდ, ის მიუთითებს, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ან იძულებითი დაშლა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა პარტიები მოუწოდებენ ძალის გამოყენებას ან იყენებენ მას, როგორც პოლიტიკურ საშუალებას, რათა დაამხონ დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგი, რითაც ძირს უთხრიან კონსტიტუციით დაცულ უფლებებსა და თავისუფლებებს. პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თუ დაშლის განსახორციელებლად მიღებული სამართლებრივი ზომები უნდა გამომდინარეობდეს არაკონსტიტუციურობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებიდან და მიჩნეულ იყოს, როგორც გამონაკლისი, ნახელმძღვანელები პროპორციულობის პრინციპით.

- პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ სახელმძღვანელო წესები და ანგარიში

ეს ანგარიში აღნიშნავს, რომ საჯარო დაფინანსების გაცემის შემთხვევაში, ის უნდა მიეკუთვნოს, სულ მცირე, პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პარტიას. ის ხაზს უსვამს პარტიების კერძო წყაროებიდან დაფინანსების გამჭვირვალობას და შესაძლო შეზღუდვებს (თითოეული შემოწირულობის მაქსიმალური ზღვარი, ინდუსტრიული ან კომერციული ხასიათის საწარმოებიდან ან რელიგიური ორგანიზაციებიდან შემოწირულობების აკრძალვა, პარტიების იმ წევრთა შემოწირულობების წინასწარი კონტროლი საარჩევნო საკითხებზე სპეციალიზებული საჯარო ორგანოების მიერ, რომელთაც სურთ თავიანთი კანდიდატურის წამოყენება არჩევნებში). რაც შეეხება საარჩევნო კამპანიებს, მისი რეკომენდაციები შეეხება დანახარჯების ზედა ზღვარს და კამპანიების საჯარო დაფინანსებას და იმავდროულად აღნიშნავს კერძო წყაროებიდან დაფინანსების დაშვების საჭიროებას.

- მოსაზრება პოლიტიკური პარტიების მიერ უცხოური წყაროებიდან ფინანსურ შემოწირულობათა მიღების აკრძალვის შესახებ

ეს მოსაზრება შემუშავდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თხოვნის საფუძველზე და შეისწავლის, არის თუ არა პოლიტიკური პარტიების მიერ უცხოური წყაროებიდან ფინანსურ შემოწირულობათა მიღების აკრძალვა “აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში” ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ის ასკვნის, რომ ეს შეიძლება იყოს ამგვარად, თუკი უცხოური წყაროებიდან მიღებული დაფინანსება გამოიყენება სახელმწიფოს კონსტიტუციასთან და კანონებთან შეუსაბამო მიზნების მისაღწევად (მაგალითად, როდესაც უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტია ამართლებს დისკრიმინაციას და ადამიანის უფლებათა დარღვევას); თუკი ის ძირს უთხრის პოლიტიკური შეჯიბრის სამართლიანობას ან მთლიანობას ან საარჩევნო პროცესს უბიძგებს გადაცდომებისკენ ან საფრთხეს უქმნის ეროვნულ ტერიტორიულ მთლიანობას; თუკი ის ხელს უშლის ეფექტურ დემოკრატიულ განვითარებას; თუკი ამგვარი აკრძალვა არის სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებების ნაწილი. იმის განსასაზღვრად, არის თუ არა უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების აკრძალვა პრობლემატური ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის თვალთახედვით, საჭიროა ყველა ცალკეული შემთხვევის დამოუკიდებლად შესწავლა, პარტიების დაფინანსების შესახებ ზოგადი კანონმდებლობის, ისევე როგორც სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ევროკავშირის წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებების კონტექსტში:

- სახელმძღვანელო წესები და განმარტებითი ანგარიში პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონმდებლობის გარშემო: ზოგიერთი განსაკუთრებული საკითხი

- ანგარიში პოლიტიკური პარტიების არჩევნებში მონაწილეობის შესახებ

გარდა ამისა, ვენეციის კომისიამ მიიღო მთელი რიგი მოსაზრებები პოლიტიკური პარტიების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფოს (სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა და უკრაინა) კანონმდებლობის გარშემო.

ვენეციის კომისიის ვებგვერდი:

http://www.venice.coe.int/


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.