Back ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ოფიციალური გახსნა

ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ოფიციალური გახსნა

2017 წლის 20 ივლისს, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ოფიციალურად იწყებს ახალ პროექტს „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“. ღონისძიებას გახსნის და მოდერაციას გაუწევს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, კრისტიან ურსე. შეხვედრას დაესწრებიან ეკა ბესელია - პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები პარტნიორი ორგანიზაციებიდან.

პროექტი ეთანადება ახლად მიღებულ სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას. არსებობს მოლოდინი, რომ პროექტის განხორციელებულ აქტივობათა შედეგად, საქართველოს მოქალაქეები ისარგებლებენ უფრო მეტად დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ეფექტიანი მართლმსაჯულებით, რასაც უფრო კვალიფიციური და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა უზრუნველყოფს. პროექტის მოსალოდნელ შედეგებს შორისაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულების გაზრდა, სასამართლო ადმინისტრაციის მომსახურების გაუმჯობესება, რითაც სასამართლოს მომხმარებელი უკეთეს სერვისს მიიღებს, მოსამართლეთა დანიშვნის, დაწინაურების, გადაყვანისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მეტად გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული პროცედურების დანერგვა.

დასახელებული მიზნების მისაღწევად, პროექტს სხვადასხვაგვარი აქტივობა აქვს დაგეგმილი, როგორიცაა სამუშაო ჯგუფის შეხვედრები, კოლეგებს/მოსამართლეებს შორის დიალოგი, საკონსულტაციო და მრგვალი მაგიდის დისკუსიები, კონფერენციები, სასწავლო ვიზიტები და სხვ. საექსპერტო შეფასებები, კვალიფიციური რეკომენდაციების მოწოდება იურიდიულ პროფესიათა მარეგულირებელ სამართლებრივ თუ ინსტიტუციურ ჩარჩოებზე, აგრეთვე ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული კვლევები და რელევანტური პუბლიკაციები პროექტის მუშაობის მნიშვნელოვან ნაწილს დაიკავებს. ასევე იგეგმება ისეთ საჭირბოროტო საკითხთა წამოწევა, როგორიცაა გენდერული პრობლემები და უმცირესობათა უფლებები და მათი გათვალისწინება სასამართლო რეფორმის პროცესის წარმართვისას.

პროექტი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან პარტნიორობითა და მჭიდრო თანამშრომლობით იმუშავებს. კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, უზენაეს სასამართლოსთან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან, იუსტიციის სამინისტროსა და ადვოკატთა ასოციაციასთან. ინტენსიურად ითანამშრომლებს ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან: დამოუკიდებელ ექსპერტებსა თუ სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ამ პროექტის მეშვეობით ევროპის საბჭო განაგრძობს სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას საქართველოში მომდევნო 32 თვის განმავლობაში. პროექტი ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ნორვეგიის, სლოვაკეთისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
პროექტის მიზანი
  • სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგიის განხორციელებაში მხარდაჭერა
  • საქართველოში სასამართლო სისტემის უკეთ ფუნქციონირების ხელშეწყობა ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც დადგენილია სასამართლო დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის კუთხით.
პროექტის განხორციელების გზები:
  • სამართლებრივი ექსპერტიზის მიწოდება, ერთობლივი მუშაობა ევროპის საბჭოს საკონსულტაციო და საექსპერტო ორგანოებსა და წევრ სახელმწიფოებთან და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გაზიარება
  • ეროვნული ხელისუფლების ორგანოებთან პარტნიორობა და  მჭიდრო თანამშრომლობა სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რომელთა შორის არიან: დამოუკიდებელი ექსპერტები, ადამიანის უფლებათა დამცველები, საზოგადოებრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები და აკადემიური წრეები
  • საჭიროებებზე მორგებული მიდგომით ცოდნის გაღრმავება, უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესება
  • განხორციელებულ ცვლილებათა ინსტიტუციონალიზაცია და დამკვიდრება, რაც ქმნის თანამონაწილეობისა და პასუხისმგებლობის განცდას.
რამდენია პროექტის ბიუჯეტი?
  • პროექტის სრული ბიუჯეტი შეადგენს 1,550,000 ევროს.
  • ევროპის საბჭოს პროექტი - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ლატვიის, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით ფინანსდება, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.
პროექტის აქტივობები
  • ექსპერტთა შეფასებები და რეკომენდაციები სასამართლო სისტემის მარეგულირებელ სამართლებრივ და ინსტიტუციურ ჩარჩო დოკუმენტებზე, ასევე, ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული კვლევები და შესაბამისი პუბლიკაციები
  • სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები, კონფერენციები და სასწავლო ვიზიტები;
  • კოლეგებს შორის დიალოგები, კონსულტაციები და მრგვალი მაგიდის შეხვედრები
  • ევროპის საბჭოს ორგანოთა მიერ გამოცემული რეკომენდაციების, დასკვნებისა თუ სხვა რელევანტური დოკუმენტების თარგმნა და გავრცელება
  • აქტივობათა განხორციელება ადამიანის უფლებათა გათვალისწინებით, მათ შორის, გენდერული პრობლემებისა და უმცირესობათა უფლებების ინტეგრირება სასამართლო რეფორმის პროცესში და რეკომენდაცია მათი გათვალისწინების შესახებ.
პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და პერსონალი
  • იუსტიციის სამინისტრო
  • საქართველოს პარლამენტი და მისი იურიდიული კომიტეტი
  • უზენაესი სასამართლო
  • მოსამართლეები და სასამართლოს პერსონალი
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და მისი წევრები
  • სასამართლოს მომხმარებლები.
პროექტის ხანგრძლივობა
  • პროექტი 2017 წლის 1 აპრილს იწყება და 2019 წლის 30 ნოემბრამდე გრძელდება.
დამატებითი ინფორმაცია
ვინ არის პასუხისმგებელი პროექტზე?

პროექტს ახორციელებს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატი. კერძოდ, მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის სასამართლო რეფორმის სამმართველო, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისთან ერთად.

პროექტის უფროსი ოფიცერი
 სოფიო წაქაძე

პროექტის ოფიცერი
უშანგი ბახტაძე

პუბლიკაციები