„თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში“  (COMUS) ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული ორწლიანი ერთობლივი პროგრამაა, რომელიც მოქმედებს ხუთ ქვეყანაში: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. წინა პროგრამის, „კიევის ინიციატივის“ (2009-2011) შედეგებზე დაყრდნობით, COMUS ხელს შეუწყობს პროგრამაში ჩართული ქვეყნების სამინისტროებსა და სხვა ადგილობრივ პარტნიორებს შორის თანამშრომლობას ისტორიულ ქალაქებში რეინვესტიციის მხარდასაჭერად..
 

„კიევის ინიციატივისთვის“ შერჩეული ათი მცირე და საშუალო ზომის ქალაქიდან (აბასთუმანი, ახალციხე, ბორჯომი, ჭიათურა, დუშეთი, გორი, მესტია, ფოთი, თელავი და წყალტუბო) შეირჩევა ორი საპილოტე ქალაქი, რომლებსაც შემდეგ სამაგალითოდ გამოიყენებენ სტრატეგიული რევიტალიზაციის პროექტებში. მათ ისტორიულ რესურსებზე დაყრდნობით საპილოტე ქალაქებში ჩატარდება საცდელი მიზნობრივი სამუშაოები მოქალაქეთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, სოციალური ინტეგრაციის მხარდაჭერისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით. სამუშაოებს საფუძვლად დაედება ინტერდისციპლინური ადგილობრივი განვითარების პრინციპი, რომელიც გულისხმობს ქალაქის არა ტექნიკური კონსერვაციის ან რესტავრაციის სუბიექტად ქცევას, არამედ - მისი შესაძლებლობების გარდაქმნას ეკონომიკურ და სოციალურ რესურსად.

COMUS იქნება სპეციფიკურ რესურსებსა და მემკვიდრეობაზე დაფუძნებული, ინდივიდუალური მდგრადი განვითარების პოლიტიკის მაგალითი საქართველოში და ამრიგად შექმნის ურბანული რეაბილიტაციის პოლიტიკის სამომავლო ჩარჩოს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე. პროგრამის ინტერდისციპლინური ხასიათი კულტურის სამინისტროებს საშუალებას აძლევს, დასახონ ინოვაციური პარტნიორობები ადგილობრივ მთავრობებთან. პროგრამის ეს სპეციფიკა ასევე იძლევა საშუალებას, მოიძებნოს განვითარებისა და დაგეგმვის პროცესებში ჩართულ სხვა სამინისტროებთან თანამშრომლობის ახალი გზები და წახალისდეს სამინისტროებს შორის თანამშრომლობა. საპილოტე ქალაქებში მიღწეული შედეგები სანიმუშო იქნება სხვა ისტორიული ქალაქებისთვის, რომლებიც განვითარების თვალსაზრისით მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან. და ბოლოს, COMUS -ის შედეგად მიღებული გამოცდილება საფუძველს ჩაუყრის საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმის საჭიროებების გამოვლენასა და სისტემატიზაციას.