From the Head of Office, Caterina Bolognese

თბილისის ოფისში 16 ადამიანი მუშაობს, რომელთა უმრავლესობა თანამშრომლობის სხვადასხვა პროგრამებშია ჩართული. ამ პროგრამების მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ევროპის საბჭოს სტანდარტების შესრულებაში ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით.

1999 წელს საქართველო ევროპის საბჭოს 41-ე წევრი სახელმწიფო გახდა. ეს ისტორიული ნაბიჯი ყველას განსაკუთრებულად დაამახსოვრა მაშინდელი პრემიერ მინისტრის, ბატონი ზურაბ ჟვანიას მიერ ქართველი ხალხის სახელით წარმოთქმულმა სიტყვებმა: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“.

მას შემდეგ თხუთმეტი წელი გავიდა და საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის გაძლიერების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით. ამ გზაზე საქართველოს დასახმარებლად ევროპის საბჭო ახორციელებს თანამშრომლობის ინიციატივებს და შეიმუშავებს მონიტორინგის მექანიზმებს ორგანიზაციის სტანდარტების შესრულების საქმეში საქართველოს პროგრესზე დაკვირვების მიზნით.  სამომავლო საქმიანობების დეტალურად გასაცნობად გთხოვთ, იხილოთ ჩვენი ღონისძიებების კალენდარი.

საქართველოს ოფისი აქტიურადაა ჩართული მუშაობაში ყველა ამ მიმართულებით და ეხმარება ორგანიზაციის სათაო ოფისს სტრასბურგში, ერთიან საფარქვეშ მოაქციოს თბილისში განხორციელებული თანამშრომლობის პროგრამები. თბილისის ოფისი წარმოადგენს ევროპის საბჭოს საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურებისა და ზოგადად - ქართველი ხალხის წინაშე.

საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობა კიდევ უფრო განამტკიცა გენერალური მდივნის, იაგლანდის თბილისში ვიზიტის შედეგად მიღებულმა სამწლიანმა სამოქმედო გეგმამ. ამ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროგრამების თითქმის ნახევარი უკვე დაფინანსებულია ევროკავშირისა და დონორი ქვეყნების მთავრობების მიერ, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს წინსვლას.

ამ სამოქმედო გეგმის ეფექტურად განხორციელების მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სტრასბურგშიც და თბილისშიც.

მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 15 წლისთავს ამ ახალი  ქართულ-ინგლისური ვებ-გვერდის გაშვებითაც ვეხმიანებით. სიამოვნებით გავიზიარებთ თქვენს მოსაზრებებსა და რჩევებს ვებ-გვერდის შესახებ, რათა უფრო ეფექტურად მოგაწოდოთ ინფორმაცია ევროპის საბჭოს შესახებ და უკეთ გაგაცნოთ, თუ რატომაა ის მნიშვნელოვანი  საქართველოსა და ქართველი ხალხისათვის.

იცოდით თუ არა, რომ..
1972 წლიდან ევროპის ჰიმნია „ოდა სიხარულს“ - ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის პრელუდიის თემა.