თბილისის ოფისში 19 ადამიანი მუშაობს, რომელთა უმრავლესობა თანამშრომლობის სხვადასხვა პროგრამებშია ჩართული. ამ პროგრამების მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ევროპის საბჭოს სტანდარტების შესრულებაში ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით.

ევროპის საბჭო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა წამყვან ორგანიზაციას ევროპის კონტინენტზე. ის აერთიანებს 47 წევრ სახელმწიფოს, რომელთა შორის 28 ევროკავშირის წევრია. ჩვენს ყველა წევრ ქვეყანას ხელმოწერილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელიც ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვის ქვაკუთხედი გახლავთ.

1999 წელს საქართველო ევროპის საბჭოს 41-ე წევრი სახელმწიფო გახდა. ეს ისტორიული ნაბიჯი ყველას განსაკუთრებულად დაამახსოვრა მაშინდელი პრემიერ მინისტრის, ბატონი ზურაბ ჟვანიას მიერ საპარლამენტო ასამბლეაში წარმოთქმულმა სიტყვებმა: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“.

ევროპის საბჭოს საქმიანობა საქართველოში მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და მექანიზმებს, რომელთა მიხედვითაც ხდება საქართველოს პროგრესის შეაფასება ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.

2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადამიანის უფლებების, მათ შორის სოციალური უფლებების დაცვასა და ხელშეწყობას; მართლმსაჯულების უზრუნველყოფას, დემოკრატიული მმართველობის გაძლიერებას, ასევე ნდობის აღდგენის ღონისძიებების განვითარებას და ისეთ საფრთხეებთან ბრძოლას როგორიცაა კორუფცია, ფულის გათეთრება, კიბერდანაშაული, მანიპულაციები სპორტულ შეჯიბრებებში.