Back სამუშაო შეხვედრა ეფექტური საპარლამენტო კონტროლი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე

სამუშაო შეხვედრა ეფექტური საპარლამენტო კონტროლი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე

2017 წლის 1 ივლისს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან თანამშრომლობით, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა “ეფექტური საპარლამენტო კონტროლი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე”.

ღონისძიებას დაესწრნენ მთავრობის, პარლამენტისა და სასამართლო სისტემის წარმომადგენლები.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ბ-მა კრისტიან ურსემ, ევროპის საბჭოს   ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, ქ-მა თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ქ-მა ნინო გვენეტაძემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და ქ-მა ეკა ბესელიამ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ბ-მა კრისტიან ურსემ აღნიშნა: „აღნიშნული შეხვედრა ნათლად აჩვენებს საქართველოს მზადყოფნას სრულყოფილად აღასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები. ცნობილია, რომ პარლამენტის ჩართულობა მკვეთრად ზრდის სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულების ხარისხს. ამავდროულად, პარლამენტი კარგად იყენებს საკონსტიტუციო უფლებას, რომ ხელისუფლება ამყოფოს ანგარიშვალდებული. შესაბამისად, ჩვენ მივესალმებით საქართველოს ძალისხმევას,  გააძლიეროს საპარლამენტო ზედამხედველობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე,  ახალი კანონმდებლობის შემოღებით, რომლითაც  შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებს მიეცათ შესაძლებლობა აწარმოონ ეფექტური კონტროლი მთავრობის  საქმიანობზე.“

ქ-მა ეკა ბესელიამ განაცხადა: ,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გდაწყვეტილებების აღსრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმების გამოყენება ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მხრიდან არის მნიშვნელოვანი საკითხი და ამას ევროპის საბჭოს საპარალემნტო ასამბლეის არაერთი რეზოლუცია ეხმიანება.  მიხარია, მე როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ზედამხედველობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს,  რომ ჩვენც შევუერთდით იმ წამყვან ევროპულ ქვეყნებს, რომლებმაც დაამკვიდრეს აღნიშნული კარგი პრაქტიკა. 2016 წელს ჩვენ შევიტანეთ ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომლითაც პარლამენტის აღნიშნული ვადებულება საკანონმდებლო დონეზე განვსაზღვრეთ. ამის გამო პირადად ვიყავი მოწვეული რამდენიმე საერთაშორისო ფორუმზე, სადაც მთხოვეს ჩვენი წარმატებული გამოცდილების გაზიარება სხვა ქვეყნებისთვის. ''

ქ-მა თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა: საქართველო ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას და სარჩელების რაოდენობაც მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც, თავისთავად, ნიშნავს იმას, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეცვლილია უკეთესობისკენ. მთავრობის მიერ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე სრულყოფილი ზედამხედველობის განხორციელება, ზოგადად საპარლამენტო კონტროლის სწორი გააზრებისა და ეფექტიანი გამოყენების საყურადღებო მიმართულებაა. ჩვენს რეგლამენტში უკვე არის ნორმა, რომელიც ამბობს, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა, საქართველოს პარლამენტს უნდა წარუდგინოს გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე ანგარიში, ასევე, მიმდინარე საქმეების აღსრულების სამოქმედო გეგმა. ჩვენი დემოკრატიის განვითარების შემდგომი ეტაპი უპირველესყოვლისა უკავშირდება პარლამენტის მნიშვნელოვან გაძლიერებას, განსაკუთრებით საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებაში”.

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და სასამართლო სფეროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს სახელმწიფოს როლზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სრულ, ეფექტურ და დროულ აღსრულებაში. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მიმოიხილეს სახელმწიფოს როლი საქართველოს წინააღმდეგ დადგენილი გადაწყვეტილებების აღსრულებაში. ამავდროულად, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელმა მონაწილეებს გააცნო მინისტრთა კომიტეტის მიერ გადაწყვეტილებებისა და მორიგების აღსრულებაზე ზედამხედველობის პროცედურა, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ინფორმაციის ეფექტური მოძიება და გამოყენება ეროვნულ დონეზე.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page