Back ტორბიორნ იაგლანდი: პოპულისტური ნაციონალიზმი სარისკოს ხდის ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებას ევროპაში

ტორბიორნ იაგლანდი: პოპულისტური ნაციონალიზმი სარისკოს ხდის ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებას ევროპაში

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის, ბოლო წლიური ანგარიშის მიხედვით, ადამიანის უფლებები, დემოკრატია და უსაფრთხოება საშიშროების წინაშე დგას.

„დღესდღეობით ევროპა ბევრ სერიოზულ გამოწვევას ერკინება, მათ შორის, ტერორიზმს, მიგრაციასა და კონფლიქტებს. ბევრ ადგილას ნაციონალისტები და პოპულისტები ამას წარმატებით იყენებენ ბოროტად და ნდობა ეროვნული თუ ევროპული ინსტიტუციების მიმართ ეცემა“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

„ამავე დროს, ჯერ კიდევ ვხედავთ ბევრ მნიშვნელოვან ხარვეზს ჩვენი წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობებსა და პრაქტიკაში. ძირითადი ადამიანის უფლებები, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა მეტად და მეტად იზღუდება“.

„ეს განა მხოლოდ არასწორია - ეს საშიშიცაა. თუ არ დავიცავთ დემოკრატიულ პრინციპებს და არ შევებრძოლებით ჩვენს პრობლემებს, ამავდროულად, ადამიანის უფლებების სრული პატივისცემით, ვითარება უფრო გამწვავდება“.

ანგარიში ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე ევროპაში, პრობლემურ სფეროებს შორის ხაზგასმით გამოყოფს სასამართლო გადაწყვეტილებებზე პოლიტიკურ გავლენას, კორუფციას და გადაწყვეტილებათა აღუსრულებლობას. გარდა ამისა, გენერალური მდივანი შენიშნავს „კანონმდებლობის ნაციონალიზაციის საშიშ ტენდენციას“, რამდენადაც სახელმწიფოები იღებენ კანონებს, რომლებიც შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, განსაკუთრებით, მიგრანტებსა და დევნილებთან მიმართებით.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ ევროპის საბჭოს 47 წევრი სახელმწიფოდან თითქმის ნახევარი საკმარისად არ უზრუნველყოფს ჟურნალისტთა უსაფრთხოებას და მიუთითებს, რომ ვითარება გაუარესდა ბოლო წელს, როცა გაიზარდა ფიზიკური თავდასხმებისა და ქონების განადგურების შემთხვევები.

მედიის მრავალფეროვნება ვერ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად 26 წევრ სახელმწიფოში და საყურადღებო პრობლემაა ჩარევა მედიის საქმიანობაში. გამოხატვის თავისუფლება ინტერნეტში კიდევ ერთი საკვანძო პრობლემატური სფეროა.

ანგარიშში მოყვანილია მაგალითები წევრი სახელმწიფოებიდან, ასევე რიგი ევროპის საბჭოს შემოთავაზებული ინიციატივებისა, მათ შორის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ახალი სამოქმედო გეგმა. აქვეა ინტერნეტ გვერდების დაბლოკვისა და გაფილტვრის ძირითადი სტანდარტები წევრი სახელმწიფოებისათვის და მასობრივ თვალთვალთან დაკავშირებით არსებული საერთაშორისო სტანდარტების, კარგი პრაქტიკისა და სახელმძღვანელო პრინციპების „დაკანონების“ გეგმა. 

ანგარიშში აგრეთვე მოცემულია რეკომენდაციები მოწყვლადი ჯგუფებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების ინტეგრაციასა და დაცვასთან დაკავშირებით.

სტრასბურგი 27 აპრილი 2016
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge