Back თემატური სემინარი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ

2015 წლის 6 მარტს, ევროპის საბჭო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტთან ერთად მართავს სემინარს თემაზე „გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვა“.

ღონისძიება ტარდება ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი რეგიონალური პროექტის ფარგლებში - „ადვოკატთა და ადამიანის უფლებათა დამცველების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის ეროვნულ დონეზე გამოყენებისათვის“, რომელიც ერთდროულად მიმდინარეობს საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, რუსეთის ფედერაციასა და უკრაინაში.

სემინარზე განხილული იქნება დისკრიმინაციისაგან ქალთა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები. ექსპერტები იმსჯელებენ საქართველოში კრიტიკულ გენდერულ საკითხებზე და მათი მოგვარების გზებზე.

სემინარს გახსნიან ალესანდრო სავარისი, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და თამარ თომაშვილი, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი.

თემატურ სემინარზე მოწვეული არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატები, ამ თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები. სემინარს ჩაატარებენ ევროპის საბჭოს გამოცდილი უცხოელი და ქართველი ექსპერტები.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page