Back GRETA-ს მეორე შეფასებითი ვიზიტი საქართველოში

GRETA-ს მეორე შეფასებითი ვიზიტი საქართველოში

29 ივნისი, 2015 – ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA)  წარმომადგენლებმა 22-დან 26 ივნისამდე შეფასებითი ვიზიტი განახორციელეს საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა 2011 წელს GRETA-ს მიერ ჩატარებული შეფასების შემდეგ  ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის იმპლემენტაციის პროგრესის შეფასება.

ვიზიტის განმავლობაში GRETA-ს წარმომადგენლები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.  შეხვედრები ასევე ჩატარდა შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა, და საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებთან. შეხვედრა  შედგა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთანაც.

GRETA-ს წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ  ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლეებსა და რეგიონალური პროკურორებისა და შსს-ს თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული აჭარის რეგიონში ტრეფიკინგის საქმეებზე მომუშავე სპეციალისტთა ჯგუფს (Task Force).

ცალკეული შეხვედრები გაიმართა როგორც არასამთვრობო ორგანიზაციების (NGO) წარმომადგენლებთან, ასევე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და გაეროს ბავშთა ფონდის (UNICEF) ადგილობრივ ბიუროების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში, GRETA-ს წარმომადგენლები ეწვივნენ  ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალების, კაცებისა და ბავშვებისათვის განკუთვნილ ორ თავშესაფარს. თავშესაფრები ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ეგიდით ფუნქციონირებენ თბილისსა და ბათუმში.

ვიზიტი განახორციელეს GRETA-ს წევრებმა ქალბატონმა რიტა თეოდორუ სუპერმენმა და ბატონმა ოლაფს ბრუვერსმა, რომლებსაც თან ახლდათ ევროპის საბჭოს ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპული კონვენციის სამდივნოს წარმომადგენელი ბატონი დავით დოლიძე.

ვიზიტის შემდეგ, GRETA მოამზადებს ანგარიშის სამუშაო ვერსიას, რომელიც კომენტარებისათვის დაეგზავნებათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ამის შემდეგ GRETA დაამტკიცებს საბოლოო ანგარიშს, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება.

29.06.2015
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge