ინფორმაცია წამების საწინააღმდეგო კომიტეტის შესახებ

 

თავისუფლებააღკვეთილ პირთა არასათანადო მოპყრობის აღკვეთა ევროპაში

წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ორგანიზებას უწევს ვიზიტებს დაკავების ადგილებში, რათა შეაფასოს თუ როგორ ეპყრობიან თავისუფლებააღკვეთილ პირებს. ეს ადგილები მოიცავს: ციხეებს, არასრულწლოვანთა დაკავების ადგილებს, პოლიციის განყოფილებებს, იმიგრირებულ პირთა დაკავების ადგილებს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს, სოციალური დაცვის სახლებს და სხვ.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დელეგაციები სარგებლობენ შეუზღუდავი შესვლისა და გადაადგილების უფლებით დაკავების ადგილებში. ისინი პირადად ესაუბრებიან თავისუფლებააღკვეთილ პირებს და ასევე თავისუფლად უკავშირდებიან ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კი შეუძლია ინფორმაციის მიწოდება.

თითოეული ვიზიტის შემდეგ წამების საწინააღმდეგო კომიტეტი შესაბამის სახელმწიფოს უგზავნის დეტალურ ანგარიშს. ეს ანგარიში მოიცავს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მოპოვებულ მონაცემებს, მის რეკომენდაციებს, შენიშვნებსა და მოთხოვნებს გარკვეული ინფორმაციის მიწოდებაზე. წამების საწინააღმდეგო კომიტეტი მოითხოვს ასევე დეტალურ პასუხს ანგარიშში დასმულ საკითხებზე. ეს ანგარიშები და პასუხები ქმნიან ერთგვარ დიალოგს შესაბამის სახელმწიფოებთან.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის სრული დასახელებაა “წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი”. ეს დასახელება გამოკვეთს ორ მნიშვნელოვან შტრიხს: პირველი, ის ფარავს ევროპას და, მეორე, მოიცავს არა მარტო “წამებას”, არამედ გარემოებათა ფართო სპექტრს, რაც შეიძლება გაუთანაბრდეს “არასათანადო ან ღირსების შემლახველ მოპყრობასა თუ დასჯას”.

 

"ინფორმაცია წამების საწინააღმდეგო კომიტეტის შესახებ"

 

წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია

 

 წამების საწინააღმდეგო კომიტეტის სტანდარტები

ვიზიტების სისტემა

ჩვეულებრივ, ვიზიტებს ახორციელებენ დელეგაციები, შემდგარი კომიტეტის რამოდენიმე წევრისაგან. დელეგაციას თან ახლავს კომიტეტის სამდივნოს თანამშრომლები და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ექსპერტები და თარჯიმნები.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დელეგაციები ვიზიტებს ახორციელებენ პერიოდულად (ჩვეულებრივ, 4 წელიწადში ერთხელ), თუმცა, აუცილებლობის შემთხვევაში ხორციელდება დამატებითი საგანგებო ვიზიტები.

კომიტეტმა უნდა აცნობოს შესაბამის სახელმწიფოს, რომ აპირებს ვიზიტის განხორციელებას. შეტყობინების შემდეგ დელეგაციას შეუძლია ნებისმიერ დროს მივიდეს ნებისმიერ ისეთ ადგილას, სადაც თავისუფლებააღკვეთილი პირი შეიძლება იყოს.

თანამშრომლობა და კონფიდენციალურობა

საერთაშორისო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც დაარსებულია წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, ითვალისწინებს თანამშრომლობისა და კონფიდენციალურობის პრინციპებს.

  • ეროვნულ ხელისუფლებებთან თანამშრომლობა წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მუშაობის ქვაკუთხედია, რამდენადაც მუშაობის მიზანია თავისუფლებააღკვეთილ პირთა დაცვა და არა სახელმწიფოს დადანაშაულება სასტიკი და არასათანადო მოპყრობისათვის.
  • წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მეორე მახასიათებელია კონფიდენციალურობა: კომიტეტის მოპოვებული მონაცემები, მისი ანგარიშები და მთავრობის პასუხები, კონფიდენციალურია. მიუხედავად ამისა, ინფორმაციის დიდი ნაწილი წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მუშაობის შესახებ საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომია.

გამოქვეყნება

  • თავად სახელმწიფომ შეიძლება მოითხოვოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიშის გამოქვეყნება, მისივე პასუხებთან ერთად. ამჟამად, სახელმწიფოთა უმეტესობა ამჯობინებს ამ დოკუმენტების გამოქვეყნებას.
  • თუ სახელმწიფო არ თანამშრომლობს წამების საწინააღმდეგო კომიტეტთან ან უარს ამბობს, გააუმჯობესოს არსებული ვითარება კომიტეტის რეკომენდაციების კვალად, კომიტეტმა შეიძლება გადაწყვიტოს საჯარო განაცხადის გაკეთება.
  • გარდა ამისა, წამების საწინააღმდეგო კომიტეტი შეიმუშავებს საერთო ანგარიშს მისი საქმიანობის შესახებ, რომელიც ქვეყნდება წელიწადში ერთხელ.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის სტრუქტურა

  • წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრები არიან სხვადასხვა პროფესიის მქონე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ექსპერტები, მათ შორის, იურისტები, ექიმები და სპეციალისტები ციხისა ან პოლიციის საკითხებში.
  • მინისტრთა კომიტეტი ირჩევს თითო წევრს თითოეული წევრი სახელმწიფოდან. ეს წევრი მოქმედებს პირადი შესაძლებლობების ფარგლებში (ანუ არ წარმოადგენს იმ სახელმწიფოს ინტერესებს, რომლიდანაც ის შეირჩა). დამოუკიდებლობის გარანტიისათვის, წევრები არ მიდიან ვიზიტით იმ ქვეყნებში, საიდანაც ისინი შეირჩნენ.
  • წამების საწინააღმდეგო კომიტეტის სამდივნო შეადგენს ევროპის საბჭოს ნაწილს.

საფუძველი

  • წამების საწინააღმდეგო კომიტეტი დაარსდა ევროპის საბჭოს “წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა თუ დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციის” საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა 1989 წელს.
  • იგი ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს: “არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას”.
  • წამების საწინააღმდეგო კომიტეტი არ არის საგამომძიებო ორგანო, არამედ ის უზრუნველყოფს არასამართლებრივ აღმკვეთ მექანიზმს თავისუფლებააღკვეთილ პირთა დასაცავად წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებისაგან. ამდენად, იგი ავსებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამართლებრივ მუშაობას.

რატიფიკაცია

  • კონვენცია რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს 47 წევრი სახელმწიფოს მიერ.
  • კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისათვის. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს შეუძლია მოუწოდოს ორგანიზაციის არა წევრ სახელმწიფოებს, შეურთდნენ კონვენციას.